ზამთრის ოლიმპიადა იწყება | ტურნირის პრევიუ
ზამთრის ოლიმპიური თამაშები კარს მოგვადგა. ტურნირს, რომელიც 6-22 თებერვალს გაიმართება, მილანი და კორტინა-დ’ამპეცო უმასპინძლებენ. ეს იქნება ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები, რომელსაც 2 ოფიციალური მასპინძელი ქალაქი ეყოლება.
მილანი ზამთრის ოლიმპიადას ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. იტალიის ჩრდილოეთში მდებარე პატარა საკურორტო ქალაქი კორტინა-დ’ამპეცო კი ზამთრის სპორტით დაკავებულ პლანეტის საუკეთესო სპორტსმენებს მეორედ მოუყრის თავს.
აღსანიშნავია, რომ 1956 წელს, კორტინა-დ'ამპეცოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველმა სპორტსმენმა პირველად მიიღო მონაწილეობა. კობა წაქაძე ტრამპლინიდან მხტომელი გახლდათ, რომელმაც ზამთრის ოთხ ოლიმპიადაზე იასპარეზა:
1956, კორტინა დ'ამპეცო | 70 მ ტრამპლინი - 30-ე ადგილი
1960, სკვო-ველი | 80 მ ტრამპლინი - მე-9 ადგილი
1964, ინსბრუკი | 90 მ ტრამპლინი - 27-ე ადგილი
1972, საპორო | 70 მ ტრამპლინი - მე-9 ადგილი; 90 მ ტრამპლინი - 35-ე ადგილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ზამთრის ოლიმპიადის ისტორიაში, საქართველოს ჯერჯერობით მედალი მოპოვებული არ აქვს. ამ ნეგატიური ტენდენციის დასასრული, შესაძლოა, წელს ვიხილოთ. საქართველოს სახელით, ტურნირზე წელს 8 სპორტსმენი იასპარეზებს (6 სპორტსმენს ყინულზე, ფიგურულ ციგურაობაში, 2-ს კი - თხილამურებით ვიხილავთ).
ნიკა ეგაძე
2026 წლის იანვარში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ნიკა ეგაძემ შესანიშნავი შედეგი აჩვენა. მოკლე პროგრამაში მოპოვებული 91.28 და თავისუფალში აღებული 181.72 ქულით, მან ჯამში 273 ქულა დააგროვა, კონკურენტები უკან ჩამოიტოვა და დამსახურებულად დაეუფლა ჩემპიონის ტიტულს.
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა
შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმაც ფურორი მოახდინა. მას შემდეგ, რაც მათ კოლექციაში უკვე გაჩნდა წინა ტურნირების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, სპორტსმენები კიდევ უფრო მაღალ მიზანსაც მისწვდნენ და ოქროს სინჯის მედალს დაეუფლნენ.
ანასტასია გუბანოვა
2023 წლის ევროპის ჩემპიონია ანასტასია გუბანოვაც რომელიც 2023 წელს კონტინენტზე საუკეთესო გახლდათ. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი გუბანოვამ მეხუთე პოზიციაზე დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ პროგრამაში მან თითქმის იდეალურად იასპარეზა (მე-2 ადგილი), მოკლე პროგრამის მე-11 ადგილმა ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალება არ მისცა.
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი
2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე კარგად იასპარესა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმაც. მათ საერთო რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავეს.
ნინო წიკლაური
ქართული ზამთრის სპორტის ისტორიაში მოთხილამურე ნინო წიკლაური ახალ რეკორდს დაამყარებს. მილანი-კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა მის კარიერაში მეხუთე იქნება, რაც აქამდე არცერთ ქართველ სპორტსმენს არ გაუკეთებია. როგორც ნაკრების ყველაზე სტაჟიანი და გამოცდილი წევრი, ის ამ უპრეცედენტო მაჩვენებლით საქართველოს სპორტულ მატიანეში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
ლუკა ბუჩუკური
ნინო წიკლაურთან ერთად, იტალიის მთებში საქართველოს ღირსებას ლუკა ბუჩუკურიც დაიცავს, რომელიც ჩვენი ნაკრების "ახალ ტალღად" მიიჩნევა. ლუკამ ოლიმპიადისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა: დუბაიში მეოთხე, ხოლო თურქეთში მეშვიდე პოზიციაზე გასვლით, მან საჭირო სარეიტინგო ქულების მარაგი შეივსო და ოფიციალურად გახდა 2026 წლის ოლიმპიადის მონაწილე.
ზამთრის ოლიმპიადა 2026 - სპორტის სახეობები
2026 წლის მილანი-კორტინას ოლიმპიურ თამაშებს სკი-ალპინიზმი ემატება. ეს უნიკალური სახეობაა, რომელიც სპორტსმენისგან ორმაგ ძალისხმევას - ჯერ თხილამურებით სიმაღლის დაპყრობას, შემდეგ კი სწრაფ დაშვებას მოითხოვს. მედლებისთვის ბრძოლა სამ ძირითად მიმართულებაში გაიმართება: ინდივიდუალურ სპრინტებში (ქალთა და მამაკაცთა შორის) და შერეულ ესტაფეტაში.
თოვლის სახეობები ასეთია:
სამთო თხილამურობა არის მაღალსიჩქარიანი სპორტული დისციპლინა, რომელიც ციცაბო რელიეფზე დაშვებას გულისხმობს. სპორტსმენის უმთავრესი მიზანია ტრასის სრული მონაკვეთის მაქსიმალურად სწრაფი დაძლევა და ფინიშის ხაზის უმოკლეს დროში გადაკვეთა.
ბიატლონი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური სახეობაა, რომელიც ფიზიკურ გამძლეობასა და ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს აერთიანებს. ის სათხილამურო რბოლისა და შაშხანიდან სროლის სინთეზს წარმოადგენს.
თხილამურებით რბოლა კლასიკური გამძლეობის დისციპლინაა, სადაც აქცენტი არა გრავიტაციაზე, არამედ სპორტსმენის ფიზიკურ რესურსზე კეთდება. სამთო თხილამურობისგან განსხვავებით, აქ შეჯიბრი ვაკე ან აღმართიან რელიეფზე მიმდინარეობს. სპორტსმენები დიდ დისტანციებს მხოლოდ საკუთარი კუნთური ძალისა და ტექნიკის ხარჯზე ფარავენ.
ფრისტაილი სათხილამურო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი და აკრობატული მიმართულებაა. იგი აერთიანებს ჰაერში შესრულებულ ურთულეს მანევრებს, ნახტომებსა და სპეციალურად მოწყობილ დაბრკოლებებზე (მაგალითად, ტრამპლინებზე) დაშვებას. ამ დისციპლინაში სპორტსმენის შეფასებისას გადამწყვეტია როგორც ტრიუკების სირთულე, ისე მათი შესრულების სისუფთავე და ესთეტიკა.
ტრამპლინიდან ხტომა არის დისციპლინა, რომელიც აეროდინამიკას, დისციპლინასა და სიზუსტეს აერთიანებს. სპორტსმენის შეფასება ნახტომის სიგრძესა და დახტომის ტექნიკას ეყრდნობა.
სნოუბორდი ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: ტექნიკურ დაშვებას, სადაც მთავარი კრიტერიუმი სისწრაფეა, და ფრისტაილს, რომელიც აკრობატულ ელემენტებსა და შემოქმედებით მანევრებს ეფუძნება.
ჩრდილოური ორჭიდი ტრამპლინიდან ხტომასა და თხილამურებით რბოლას აერთიანებს. შეჯიბრის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შეძლებს სპორტსმენი ნახტომისას მიღებული უპირატესობის შენარჩუნებას ან გაუმჯობესებას სათხილამურო ტრასაზე.
სათხილამურო ალპინიზმი: ამის თაობაზე უკვე მოგახსენეთ - ეს დისციპლინა აერთიანებს ალპინიზმისა და თხილამურობის ელემენტებს. სპორტსმენები იყენებენ სპეციალურ აღჭურვილობას, რათა დაძლიონ ციცაბო აღმართები და მიაღწიონ მწვერვალს. ასვლის შემდეგ ხდება აღჭურვილობის ტრანსფორმაცია, რასაც მოჰყვება მაღალი სიჩქარით დაშვება რთულ, ბუნებრივ რელიეფზე.
2006, 2010 და 2014 წლის ოლიმპიადების მონაწილე, ელენე გედევანიშვილი
ყინულის სახეობები
ფიგურული ციგურაობა: ამ დისციპლინაში წარმატება ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ტექნიკურ სირთულეზე (რთული ნახტომებისა და ელემენტების სისუფთავეზე) და მხატვრულ შესრულებაზე. ყინულზე ნაჩვენები თითოეული წამი მრავალწლიანი, ინტენსიური შრომის შედეგია.
ყინულის ჰოკეი: ამ გუნდური თამაშის მთავარი სტრატეგია შაიბის კონტროლი და მისი მოწინააღმდეგის კარში გატანაა.
კერლინგი სტრატეგიული აზროვნების სპორტია, რის გამოც მას "ჭადრაკს ყინულზე" უწოდებენ. აქ მთავარია დეტალებზე ორიენტირებულობა. გუნდები სპეციალურ ქვებს სამიზნისკენ აცურებენ, სადაც მიზანი მათი ოპტიმალურ პოზიციაში გაჩერება ან მეტოქის ქვების გამოდევნაა. ყოველი სვლა წინასწარ დაგეგმილი ტაქტიკის ნაწილია.
ჩქაროსნული ციგურაობა: ჩქაროსნული ციგურაობა ზამთრის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური დისციპლინაა. შეჯიბრი მიმდინარეობს სტანდარტულ 400-მეტრიან ოვალურ ტრასაზე მიმდინარეობს.
შორტ-ტრეკი ჩქაროსნული ციგურაობის უფრო დინამიკური და კონტაქტური ნაირსახეობაა. აქ ასპარეზობა მცირე ზომის მოედანზე (ჩვეულებრივ, ჰოკეის რინგზე) მიმდინარეობს, სადაც სპორტსმენები არა ცალ-ცალკე ბილიკებზე, არამედ ჯგუფურად ეჯიბრებიან ერთმანეთს.
საბა ქუმარიტაშვილი, რომელმაც ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან 12 წლის შემდეგ, 2022 წლის ოლიმპიადაზე იასპარეზა
ციგაობა და სწრაფი დაშვება
ბობსლეი გუნდური სპორტია, რომელიც ყინულის სპეციალურ ტრასაზე ციგით დაშვებას გულისხმობს. ეკიპაჟი, რომელიც 2 ან 4 წევრისგან შედგება, მაქსიმალური სიჩქარის განვითარებასა და დისტანციის მინიმალურ დროში დაფარვას ისახავს მიზნად.
ციგაობა ზამთრის ოლიმპიური პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი დისციპლინაა. აქ სპორტსმენი ციგაზე ზურგით წვება და ტრასაზე ფეხებით წინ ეშვება. ციგა სხეულის წონასწორობის მცირე ცვლილებითა და ფეხების მოძრაობით იმართება.
სკელეტონის ციგაობისგან მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სპორტსმენის პოზიციაა: ის მუცელზე წვება და თავით წინ ეშვება.