"ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ბრძოლა მოვიგო" - ჰენრი სეხუდო
18 თებერვალს მერაბ დვალიშვილი და ჰენრი სეხუდო ოქტაგონს გაიზიარებენ. UFC 298-ზე Triple C-ის დამარცხების შემთხვევაში მერაბი, დიდი ალბათობით, სატიტულო ბრძოლის მთავარი კანდიდატი გახდება.
თავის მხრივ, სეხუდოსთვისაც კარგი დაბრუნების შანსი იქნება. ჰენრი მერაბთან ბრძოლას ძალიან სერიოზულად უყურებს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ წაგების შემთხვევაში კარიერას დასრულებას აპირებს.
ჯერ მზადების პერიოდი არ დასრულებულა, თუმცა, მძიმე ვარჯიშები და სპარინგები სპორტსმენებმა უკან მოიტოვეს. Triple C-მ უკანასკნელი სპარინგი გუშინ გამართა და საკუთარ YouTube არხზე განვლილ პერიოდზე ისაუბრა.
ბოლო სპარინგების სესია ჩავატარეთ და თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო სესია იყო. ახლა საბრძოლო გეგმაზე უფრო მეტად ვკონცენტრირდებით. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ და არაფერს ვუჩივი. მზადების პერიოდში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მერაბთან გამარჯვება შევძლო. - განაცხადა ჰენრი სეხუდომ
შეგახსენებთ, რომ იმავე საღამოს ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის ილია თოფურია ალექს ვოლკანოვსკის შეხვდება. აქვე გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი UFC-ის ქამარზე იბრძვის.