Belive

World MMA Awards | თოფურია წლის საერთაშორისო მებრძოლის ჯილდოზეა ნომინირებული

4 თვის წინ სხვა
2 წთ

"ელ მატადორი" MMA-ს სამყაროში ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს - ილია თოფურია პრესტიჟულ ჯილდოზეა წარდგენილი.

World MMA Awards-ს შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ოსკარს უწოდებენ და უკვე 15 წელია, საუკეთესო მებრძოლებსა და ინდუსტრიის განსაკუთრებულ წარმომადგენლებს ავლენს. წლევანდელ დაჯილდოებაზე ნომინანტები 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით დაფიქსირებული შედეგების მიხედვით შეარჩიეს.

წლევანდელ, რიგით მე-16 დაჯილდოებაზე გამარჯვებულები 23 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან. ერთ-ერთში კი UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურიაა წარდგენილი. წლის საერთაშორისო მებრძოლის ტიტულისთვის ილია თოფურიას კონკურენციას ისეთი სახელოვანი მებრძოლები გაუწევენ, როგორიცაა: დრიკუს დუ პლესი, ვეილი ჟანგი, ჯეკ დელა მადალენა და ჩიჰირო სუზუკი.

ხმის მიცემა 6 აგვისტოს დაიწყო და გულშემატკივარს, რომელსაც სურს, რომ ილია თოფურიას დაუჭიროს მხარი, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება აღნიშნულ ბმულზე შეუძლია.

შეგახსენებთ, UFC-ს გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ UFC 308-ზე ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მომავალ ბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ აბუ დაბიში, 26 ოქტომბერს გამართავს. 18 თებერვალს ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით, თოფურია UFC-ს საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა, რომელსაც ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს.

ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურია დაუმარცხებელია, კარიერაში მას 15 შეხვედრა აქვს მოგებული, 7 კი UFC-ში. მაქს ჰოლოუეის კარიერის მანძილზე 26 ბრძოლა აქვს მოგებული, მის ანგარიშზე ასევე 7 წაგებაა.

სხვა სტატიები