Belive

"ველოდი, რომ ალენი ფავორიტი იქნებოდა და ამ აზრს ვეთანხმები" - ვოლკანოვსკი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც უკვე მოგეხსენებათ, გიგა ჭიკაძე UFC 304-ზე იბრძოლებს. "ნინძას" მეტოქე არნოლდ ალენი იქნება, რომელიც მანჩესტერში შინაურ კედლებში იბრძვის. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ღონისძიება ინგლისში არის ჩანიშნული.

უკვე საბრძოლო კვირაში შევაბიჯეთ და ალექს ვოლკანოვსკიმ ტრადიციულად საკუთარი პროგნოზები გაგვანდო. როგორც ჩანს, ყოფილი ჩემპიონი ჭიკაძეს ალენთან ბრძოლაში აუთსაიდერად თვლის.

ველოდი, რომ არნოლდ ალენი ბუკმეკერების აზრით ფავორიტი იქნებოდა და ამაში ვეთანხმები კიდეც. გიგა ძალიან მაღალი დონის კიკბოქსერია. საშიში დარტყმები აქვს, რომელიც მოულოდნელად არსაიდან მოდის. მისი დარტყმები ძალიან მტკივნეულია და ბევრი ვერ უძლებს. ამას ალენის წინააღმდეგ აუცილებლად გამოიყენებს, გარანტიას გაძლევთ.

არნოლდს უფრო მეტი საბრძოლო უნარი აქვს. მისი ჭიდაობა, გრეპლინგი და სტრაიკინგი კარგია. ამ ორთაბრძოლაში ალენს ავირჩევ, თუმცა, გეტყვით, რომ გიგას სიურპრიზის შემოთავაზება 100%-ით შეუძლია.

ვფიქრობ, ალენი ფრთხილად იბრძოლებს. არა მგონია ამ ბრძოლაში ფინიში ვიხილოთ, ალენი გიგას მსგავს მებრძოლთან არასაჭირო რისკს არ გაიღებს. არნოლდი გადაწყვეტილებით მოიგებს. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა გიგამ ალექს კასერესის წინააღმდეგ ჩაატარა. "ნინძამ" სამრაუნდიან დაპირისპირებაში მოწინააღმდეგე ქულებით დაამარცხა და თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, გამარჯვებით დაბრუნდა.

რაც შეეხება ალენს, ინგლისელმა მებრძოლმა ბოლო ორი ბრძოლა წააგო. არნოლდი ევლოევთანაც და ჰოლოუეისთანაც ქულებით დამარცხდა. ჭიკაძესთან გამარჯვება მას ჰაერივით სჭირდება.

იმ შემთხვევაში თუ გიგა ამ ბრძოლას მოიგებს, რეიტინგში მე-6 პოზიციაზე გადავა და სატიტულო ბრძოლაშიც ჩაერთვება.

სხვა სტატიები