წყალბურთის მსოფლიო თასი | საქართველო უნგრეთთან დამარცხდა
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 2025 წლის წყალბურთის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდა და 10:21 დამარცხდა.
ფავორიტად შერაცხულ უნგრეთთან მარცხის მიუხედავად, საქართველო მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. 11 იანვარს, ქართველი წყალბურთელები საბერძნეთსა და იაპონიას შორის დამარცხებულს დაუპირისპირდებიან და მოგების შემთხვევაში, პირველი დივიზიონის საუკეთესო ექვსეულში მოხვდებიან.
ბუქარესტში მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველომ პირველი მატჩი ხორვატიის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 11:13 დამარცხდა. მეორე მატჩში ქართველმა წყალბურთელებმა მასპინძელი რუმინეთის წინააღმდეგ დამაჯერებლად (24:12) გაიმარჯვეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასკვნით დაპირისპირებას საბერძნეთსა და იაპონიას შორის დამარცხებულთან გამართავენ.
2025 წლის წყალბურთის მსოფლიო თასის სუპერფინალში პირველი დივიზიონის 6 და მეორე დივიზიონის 2 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.