Belive

წარუმატებელი კრიპტო ინვესტიცია - ჯეიკ პოლი გაკოტრების ზღვარზეა

1 წლის წინ სხვა
3 წთ

კრიპტოვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნის შედეგად, ჯეიკ პოლი გაკოტრების ზღვარზეა. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იუთუბერისა და მოკრივის ძმა - ლოგანი ავრცელებს. იუთუბერმა, რომელმაც რინგზე რამდენიმე გამორჩეული ბრძოლა გამართა, მხოლოდ გასულ წელს 36$ მილიონის გამომუშავება შეძლო, თუმცა, ჯეიკ პოლმა კრიპტო ბიზნესში წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ, თანხის სოლიდური ნაწილი დაკარგა. სავალუტო ბირჟაზე ბიტკოინის ფასის მკვეთრი გაუფასურება შეინიშნება. კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით 25%-ით გაუფასურდა და უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. შექმნილ ვითარებას Coinbase-ც გამოეხმაურა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ "კრიპტო ზამთრის" გამო, თანამშრომელთა 18%-ის დროებით გათავისუფლება მოუხდა. "imPaulsive"-ს უკანასკნელ ეპიზოდში, ძმები ფანების დასმულ კითხვებს პასუხობდნენ. მოკრივის კარიერის შესახებ საუბრისას, გულშემატკივარმა ლოგანს მისი ძმის მიერ გამომუშავებული თანხის შესახებ ჰკითხა, რაზეც ლოგანმა უპასუხა: "მნიშვნელობა არ აქვს, რა თანხა გამოიმუშავა. ყველაფერი კრიპტო ბიზნესში დააბანდა და ახლა ის ღარიბია".

გამომუშავებული თანხის სოლიდური ნაწილის დაკარგვამ, ჯეიკ პოლზე დამთრგუნველად იმოქმედა. იუთუბერი და მოკრივე, ძმისგან განსხვავებით, კიდევ უფრო შორს წავიდა - 25 წლის ჯეიკმა, ცინიკური კომენტარი გააკეთა და მომხდარში პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა. ჯეიკ პოლი: "ბაიდენის მიღწევები: პირველი - ყველაზე მაღალი ფასი საწვავზე. მეორე - ყველაზე მაღალი ინფლაცია. მესამე - კრიპტო ვალუტის გაუფასურება. მეოთხე - ყველაზე მაღალი ფასი ქირაზე. მეხუთე - შექმნა ახალი, გაუგებარი ენა". "ახლა თუ ამას კითხულობთ, არჩევნებში მხარი ბაიდენს დაუჭირეთ და მიღებულ გადაწყვეტილებას არ ნანობთ, თქვენ ამერიკის პრობლემა ხართ". ჯეიკ პოლმა რინგზე გამართული 5 ბრძოლიდან, ხუთივეს მოგება შეძლო. მისი უკანასკნელი მსხვერპლი სახელოვანი ტაირონ ვუდლი გახდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომდევნო ბრძოლაში, ჯეიკ პოლი დიდი ხნის მეტოქეს - ტომი ფიურის დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები