Belive

#ტოპ11 – ლუხუმ ჩხვიმიანის 2019 წელი

4 წლის წინ სხვა
3 წთ

ლუხუმ ჩხვიმიანი

დაბადების თარიღი: 1993 წლის 3 მაისი (26 წლის)

სიმაღლე: 1.62მ

წონა: 60კგ

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი ლუხუმ ჩხვიმიანისათვის წარმატებული გამოდგა. 2019 წელს, 26 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 6 ტურნირზე იასპარეზა და 60კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. 2019 წელს მიღწეული ტრიუმფის მიუხედავად - ლუხუმ ჩხვიმიანისათვის წელი არც ისე წარმატებულად დაიწყო. წლის პირველი ტურნირი, რომელშიც ლუხუმ ჩხვიმიანმა მიიღო მონაწილეობა დიუსელდორფში გაიმართა. 22 თებერვალს დაწყებულ დიუსელდორფის გრან-პრიზე ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 2019 წლის 15 მარტს, ეკატერინბურგის გრან პრიზე ჩხვიმიანმა კიდევ უფრო ნეგატიური შედეგი დააფიქსირა - ქართველი ძიუდოისტი ეკატერინბურგის გრან პრიზე პრიზიორებს შორის ვერ მოხვდა. ლუხუმ ჩხვიმიანისათვის გარდამტეხი გამოდგა თბილისის გრან პრი - 2019 წლის 29 მარტს დაწყებული თბილისის გრან პრი, 60კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტის ტრიუმფით დასრულდა. სამშობლოში ლუხუმ ჩხვიმიანი ოქროს მედალოსანი გახდა.
2019 წლის 22 ივნისს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გამართული ევროპული თამაშები ასევე ლუხუმ ჩხვიმიანის ტრიუმფით დასრულდა. ძიუდოისტებისათვის ევროპული თამაშები ევროპის ჩემპიონატთან იყო გათანაბრებული - ჩხვიმიანმა პირველობა კვლავ არავის დაუთმო და ოქროს მედალთან ერთად ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. კიდევ უფრო დიდი წარმატება ლუხუმ ჩხვიმიანს წინ ელოდა - 2019 წლის, 25 აგვისტოს ტოკიოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ქართველი ძიუდოისტი შესანიშნავ ფორმაში მყოფი გავიდა ტურნირზე და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
  აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ლუხუმ ჩხვიმიანმა 6 ტურნირზე იასპარეზა და მხოლოდ ორში ვერ შეძლო მედლის მოპოვება. 2019 წელს, ლუხუმ ჩხვიმიანმა პირად აქტივს 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი შემატა. 26 წლის ქართელი ძიუდოისტი გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. 2019 წლის უკანასკნელი ტურნირი, რომელშიც ჩხვიმიანმა იასპარეზა ჩინეთში გაიმართა. სამწუხაროდ ჩინეთის მასტერსზე, ქართველი ძიუდოისტი პირველივე ბრძოლაში დამარცხდა.
ძიუდოს ნაკრების ოლიმპიური თამაშებისათვის მოსამზადებელი პერიოდიდან გამომდინარე ამ წუთისათვის უცნობია თუ რომელ ტურნირზე ასპარეზობით დაიწყებს 2020 წელს ლუხუმ ჩხვიმიანი. დიდი ალბათობით, ქართველი ძიუდოისტი 2020 წლის 8-9 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემზე წლის პირველ ტურნირზე წარსდგება.

სხვა სტატიები