Belive

ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების საშეჯიბრო ბადეები ცნობილია

1 წლის წინ სხვა
8 წთ

2-3 დეკემბერს, ძიუდოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული და 2023 წლის ბოლო ტურნირი, ტოკიოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 16 სპორტსმენით იასპარეზებს, საიდანაც 13 მამაკაცი ხოლო 3 ქალი იქნება.

დღეს, პირველ დეკემბერს კი ტოკიოს გრანდ სლემის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ფალავნების მეტოქეები გაირკვა.

მოდით მივყვეთ და თითოეულ წონით კატეგორიაში გავეცნოთ ქართველი ფალავნების საშეჯიბრო ბადეებსა და სავარაუდო მეტოქეებს.

60 კგ

60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას: ლუხუმ ჩხვიმიანი და გიორგი სარდალაშვილი დაიცავენ.

ლუხუმ ჩხვიმიანს ტოკიოში ჭიდაობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. სწორედ აქ გახდა იგი მსოფლიო ჩემპიონი 2019 წელს.

გიორგი სარდალაშვილი B ბადეში იწყებს ასპარეზობას და მას მეორე ეტაპზე ვიეტნამელი მეტოქე - დუკ დატ ჩუ ეყოლება. ვიეტნამური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ახალგაზრდა ქართველი, წარმოშობით რუს - გამზატ ზაირბეკოვსა და იაპონელ - ტაიკი ნაკამურას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ლუხუმ ჩხვიმიანი კი C ბადეში ასპარეზობს და საკმაოდ კარგი ბადე აქვს იმისათვის, რომ 1/4-ფინალში გავიდეს, სადაც მისი სავარაუდო მეტოქე, იაპონელი - რიუჯუ ნაგაიამა იქნება.

ჩხვიმიანი ასპარეზობას უკრაინელ - არტიომ ლესიუკთან იწყებს და მისი დამარცხების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე ლაოსელ - სოუკპახაი სიტისანეს დაუპირისპირდება.

66 კგ

66 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობას - ვაჟა მარგველაშვილი და ახალგაზრდა, ძალიან პერსპექტიული ფალავანი - თენგო ზირაქაშვილი მიიღებენ.

თენგო ზირაქაშვილი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს და A ბადეში მიიღებს მონაწილეობას. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მას წილისყრაში არ გაუმართლა, რადგან პირველივე ეტაპზე, სამხრეთ კორეელ - ჩანიონგ კიმს შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი მისი მეტოქე, 4-გზის მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი - ჰიფუმი აბე იქნება.

რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, მარგველაშვილი D ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, მისი მეტოქე კი მალაველ - დილესი ვისონსა და ბულგარელ - იანისლავ გერჩევს შორის გამარჯვებული იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვაჟა მარგველაშვილს იდეალური ბადე აქვს იმისათვის, რომ მინიმუმ 1/4-ფინალში იჭიდავოს.

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში ტრადიციული დუეტი შეუტევს მედლებს - ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი.

ლაშა შავდათუაშვილი B ბადეში განთესილია და საკმაოდ კარგი ბადე აქვს. შავი ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ტაჯიკ-პორტუგალიურ დაპირისპირებაში გაირკვევა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შავდათუაშვილს ბადეში უძლიერესი იტალიელი - მანუელ ლომბარდო ჰყავს.

გიორგი ტერაშვილი C ბადეში განუთესავია და ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც გერმანელ - იანო რუებოს დაუპირისპირდება. გერმანელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი ტერაშვილი ყაზახ - ასკარ ნარკულოვს დაუპირისპირდება.

81 კგ

81 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებში დებიუტი ექნება 19 წლის ალექსანდრე ლოლაძეს.

ალექსანდრე D ბადეში განთესილია და მისი მეტოქე, უზბეკ - მუსო სობიროვსა და მოლდოველ - მიჰაილ ლატისევს შორის გამარჯვებული იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლოლაძეს ბადეში უძლიერესი ფალავანი - საგი მუკი ჰყავს, რომელსაც 1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში შეხვდება.

90 კგ

90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ლუკა მაისურაძე დაიცავს. ლუკასთან ერთად საქართველოს დროშის ქვეშ იასპარეზებს 20 წლის ლუკა ბაბუციძეც, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნება.

ლუკა მაისურაძე A ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც ისრაელის წარმომადგენელ - გაი გურევიჩს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლუკა მაისურაძეს წილისყრაში საკმაოდ გაუმართლა და ძიუდოს ექსპერტების აზრით, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მინიმუმ 1/4-ფინალში უნდა გავიდეს.

რაც შეეხება ლუკა ბაბუციძეს, ლუკა განთესილია და ასპარეზობას C ბადეში მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ - არამ გრიგორიანსა და თურქმენ - მამედალ აჩილდიევს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

100 კგ

100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას: ვარლამ ლიპარტელიანი და გიორგი ბერიაშვილი დაიცავენ.

ვარლამ ლიპარტელიანი A ბადეში განუთესავია და პირველივე ეტაპზე, იაპონელ - კოტარო უეოკას დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი მისი მეტოქე, იტალიელი - დანიელე აკიოლი იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვარლამს ბადეში არაერთი უძლიერესი ფალავანი: მატვეი კანიკოვსკი, ზელიმ კოტსოიევი და ნიკოლოს შერაზადიშვილი ჰყავს.

რაც შეეხება გიორგი ბერიაშვილს, ბერიაშვილს წილისყრაში არ გაუმართლა. გიორგი პირველივე ეტაპზე იაპონელ - აარონ ვულფს ხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი კანადელ - კაილი რეიესს დაუპირისპირდება.

+100 კგ

და მივადექით მძიმე წონას, სადაც ლევან მატიაშვილი და შალვა გურეშიძე იასპარეზებენ.

შალვა გურეშიძეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნება, ახალგაზრდებს შორის მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი B ბადეში მიიღებს მონაწილეობას და პირველ ეტაპზე, ვენესუელელ - ლუის ამეზქიტას შეხვდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გურეშიძეს იდეალური შანსი აქვს იმისათვის, რომ 1/4-ფინალამდე მივიდეს, თუმცა იქ სავარაუდო მეტოქედ - ტაცურუ საიტო ეყოლება.

რაც შეეხება ლევან მატიაშვილს, ლევანი D ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მაროკოელ - მოჰამედ ლაჰბოუბს დაუპირისპირდება. მაროკოული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი იგი, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონს, კუბელ - ენდი გრანდას შეხვდება.

57 კგ

57 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების დროშის ქვეშ - ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებს.

ეთერი B ბადეში მიიღებს მონაწილეობას და პირველ ეტაპზე მისი მეტოქე, გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი - მაიტა მოჰამედი იქნება. მისი დამარცხების შემთხვევაში კი ეთო, სამხრეთ კორეელ - იუნა შინსა და გუამის წარმომადგენელ - მარია ესკანოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

63 კგ

63 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - ეთერ ასკილაშვილი დაიცავს.

ეთერ ასკილაშვილი B ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც სლოვენიელ - ანრეია ლესკის დაუპირისპირდება. სლოვენიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, ყაზახ - ესმიგულ კუიოლოვსა და წარმოშობით რუს - კამილა ბადუროვას შორის გამარჯვებული იქნება.

+78 კგ

ტრადიციულად, +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი მიიღებს მონაწილეობას.

სოფიო C ბადეში იწყებს ასპარეზობას და პირველ რაუნდში, სამხრეთ კორეელ - საეტბიოლ პარკს შეხვდება. მისი დამარცხების შემთხვევაში კი, ნიდერლანდელ - კარენ სტივენსონსა და ისრაელის წარმომადგენელ - იული ალმა მიშინერს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

2 დეკემბერს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 04:00 (გამთენიისას), ფინალური ბლოკი კი 10:30 საათზე დაიწყება და ტატამზე მამაკაცებიდან 73, 81 და 90 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ, ხოლო ქალებიდან 57, 70 და +78 კგ წონითი კატეგორიები.

3 დეკემბერს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 04:00 (გამთენიისას), ფინალური ბლოკი კი 12:00 საათზე დაიწყება და ტატამზე მამაკაცებიდან 60, 66, 100 და +100 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ, ხოლო ქალებიდან 48, 52, 63 და -78 კგ წონითი კატეგორიები.

სხვა სტატიები