დღეს ფუკუოკაში დაიწყო წლის ბოლო, ნოემბრის ბაშო, რომელშიც მონაწილეობას ქართველი სუმოისტი, ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ვერ მიიღებს.
იაპონური პრესის ცნობით, ლევანს წელის ტკივილი აწუხებს და 2-კვირიანი მკურნალობა სჭირდება. მისივე თქმით, ტკივილის ნაადრევად გაქრობის შემთხვევაში, ტურნირში ჩაბმას აპირებს (ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა, კასუგანომ გაავრცელა). თუ ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოზე ასპარეზობას ვერ შეძლებს, ჯურიო დივიზიონში დაქვეითდება, რაც 2014 წლის შემდეგ პირველად მოხდება.
ლევანის პირველი მეტოქე მე-13 მაეგაშირა იუტაკაიამა უნდა ყოფილიყო, რომელთანაც აქამდე გამართული ხუთივე ბრძოლა მოგებული აქვს.
ქართველმა სუმოისტმა წლის ყველა ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა და ახლა მე-13 მაეგაშირაა.