Belive

ტედი რინერი: "ვარჯიშის მეთოდები შევცვალე - ჩემი მიზანი 2028 წლის ოლიმპიადის მოგებაა"

11 საათის წინ სხვა
2 წთ

RMC Sport-ის გადაცემა „L'Intégrale Sport“-ში სტუმრობისას, ლეგენდარულმა ტედი რინერტმა, თავის სამზადისსა და მოტივაციაზე ისაუბრა. ფრანგი ძიუდოისტი, რომელსაც კარიერაში ოლიმპიური ოქროს 5 მედალი აქვს მოპოვებული, თავისი კარიერის ბოლო ოლიმპიურ თამაშებამდე 2 წლით ადრე მზადყოფნას უსვამს ხაზს. რინერი ტატამს 16 აგვისტოს, პერუში ლიმას გრან პრიზე უბრუნდება.

ლიმას ტურნირზე ტედი რინერის მთავარი მიზანი 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ქულების დაგროვება იქნება. კარიერის დასკვნით ეტაპზე მყოფმა 37 წლის ფრანგმა ლეგენდამ 'RMC Sport'-ის ეთერში აღნიშნა, რომ მისი მიზანი კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვება და ოლიმპიადაზე გამოსვლით საკუთარი ისტორიული მემკვიდრეობის საბოლოოდ გამყარებაა.

„როდესაც ვუყურებ ჩემზე უფროს სპორტსმენებს, რომელთაც დიდებული კარიერა ჰქონდათ, და ვხედავ, როგორ არიან ახლა, ვხვდები, რომ ბედმა გაგიღიმა და სწორი არჩევანი გავაკეთე. ბევრი მათგანი სერიოზულად დაზიანებულია, ტკივილები აწუხებთ და ბევრი რამე დარღვეული აქვთ. მე კი ჯერ კიდევ შემიძლია ტატამზე გასვლა და იმაზე ფიქრი, რომ ბოლო ოლიმპიადაზე კიდევ ერთი მედლის მოპოვებას შევეცდები.

ოლიმპიური თამაშები - ეს არის ის, რისთვისაც ვცოცხლობ. ეს არის ის, რაც აღმაფრთოვანებს და დილით საწოლიდან ბედნიერს მაყენებს. ჩემი მთავარი მოტივაციაა, ბოლოჯერ ჩავატარო ერთი დიდი ტურნირი. თუნდაც იდეალურად ვერ ვიასპარეზო, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ოქროს მედალი მოვიპოვო და პროცესით სიამოვნება მივიღო. სწორედ ეს მამოძრავებს." - ტედი რინერი

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე, ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში მოპოვებული ოქროს მედლებით, რინერი ძიუდოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი გახდა. მან მეოთხე და მეხუთე ოლიმპიური ოქროს მედლები დაისაკუთრა და იაპონელ ტადაჰირო ნომურას გადაასწრო (3 ოქრო: 1996, 2000 და 2004 წლებში).

2.04 მეტრი სიმაღლის ათლეტი უმაღლეს დონეზე ადგილის შესანარჩუნებლად ცვლილებებს კვლავ აგრძელებს. ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოგების შემდეგ, ფრანგმა გადაწყვიტა, ყოველდღიურ რეჟიმში აქცენტი აღდგენასა და ტრავმების პრევენციაზე გაეკეთებინა. ამ ნაბიჯმა კი გაამართლა.

„სრულად შევცვალე ვარჯიშის მეთოდები. წავედი იქ, სადაც კონკურენცია იყო. ამან პარიზის ოლიმპიადაზე ძალიან კარგად იმუშავა. დავიბრუნე ჩემი ძიუდოს სიმწვავე და ფსიქოლოგიური სიმტკიცე, რაც შეჯიბრზეც აშკარად გამოჩნდა. ასე რომ, ამ მიმართულებით სვლას ვაგრძელებ.“ - ტედი რინერი

„დიდ ტედის“ წინ კიდევ ერთი, ბოლო დიდი გამოწვევა ელის, თუმცა სპორტული კარიერის დასრულებამ მისთვის ძიუდოსთან გამოშვიდობებას არ ნიშნავს.

2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე რინერს ექნება შანსი, გახდეს პირველი ძიუდოისტი ისტორიაში, ვინც ინდივიდუალურ ჩათვლაში ოთხი ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებას შეძლებს.