ჭიკაძე ოქტაგონზე ბრუნდება, UFC-ის ბრძოლა საქართველოში გაიმართება?!
2023 წლის ივლისში ან აგვისტოში, UFC-ის ქართველი მებრძოლი შესაძლოა ოქტაგონს დაუბრუნდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაცია გიგა ჭიკაძისთვის (14-3) შესაძლო მეტოქის შერჩევაზე აქტიურად მუშაობს და ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად ბრაიან ორტეგა (15-3) განიხილება.
34 წლის გიგა ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა, უკანასკნელი ბრძოლა წელიწადზე მეტი ხნის წინ გამართა. MMA Underground-ის პოდკასტში საუბრისას ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ უდიდესი ალბათობით მისი მომდევნო მეტოქე ბრაიან ორტეგა იქნება.
"ორგანიზაციაში დაადასტურეს, რომ ამ ბრძოლის ჩატარების იდეას ემხრობიან. როგორც გავიგე დაპირისპირება ბრაიან ორტეგასაც სურს. ასე რომ, თუკი შეთანხმება შედგება, მშვენიერი შესაძლებლობა იქნება.
არ მოგატყუებთ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დიდ პროექტზე ვმუშაობ, რომლის გამართვაც საქართველოში მსურს. ამ დროისთვის ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა, უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მხარეები დაინტერესებული არიან იმით, რომ საქართველომ UFC-ს ივენთს უმასპინძლოს", - გიგა ჭიკაძე.
შეგახსენებთ, UFC-ის ეგიდით გამართულ უკანასკნელ ბრძოლაში, გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და მას შემდეგ მეტოქის ძიებაშია.