Belive

ტაკატო: "ჩემი კარიერის ბოლო პერიოდია, ყველაფერს აქვს დასასრული..."

4 თვის წინ სხვა
1 წთ

30 წლის ლეგენდარულმა იაპონელმა ფალავანმა - ნაოჰისა ტაკატომ, როგორც ჩანს კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ოლიმპიურმა და 4-გზის მსოფლიო ჩემპიონმა, ტოკიოს გრანდ სლემზე ფინალში დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა და მის წარსულსა და მომავალზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს გრანდ სლემის ფინალში, 60 კგ წონით კატეგორიაში, ნაოჰისა ტაკატოსა და რიუჯუ ნაგაიამას დაპირისპირება შედგა, სადაც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ბედი წყდებოდა. ნაოჰისა ტაკატო ნაგაიამასთან დამარცხდა, რიუჯუმ კი ამ გამარჯვებით ოლიმპიადის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

"ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი ჩემი ხასიათის, ძიუდოს და გამარჯვებისადმი ურყევი ვნებისა და სიყვარულის გამო.

მე არ მინდოდა და არ ვეგუებოდი დამარცხებას არასდროს, არამედ ყოველთვის მოგებისთვის ვიბრძოდი და ჩემი მთავარი მიზანი სწორედ გამარჯვება იყო.

ოლიმპიური თამაშები მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, ამიტომ მის მოსაგებად შრომასთან ერთად გამართლებაც დიდ როლს ასრულებს და მე გამიმართლა! გარდა ამ იღბლისა და ჩემი ხასიათისა, ჩემი ოლიმპიური ოქროს უკან უდიდესი შრომა და გარჯა არის ჩადებული. რიუჯუსთან დავმარცხდი და ოლიმპიადაზე სწორედ იგი მიიღებს მონაწილეობას, მთელი გულითა და არსებით მინდა, რომ მან დიდ წარმატებას მიაღწიოს და მე მისი მჯერა.

ძიუდო 6 წლის ასაკში დავიწყე. ტოკიოს გარეუბანში ვცხოვრობდი. თავიდან არ ვიყავი დარწმუნებული იმ ფაქტით, რომ ძიუდოში თავს კარგად წარმოვაჩენდი, მაგრამ როგორც კი ასპარეზობა დავიწყე, მივხვდი, რომ ჩემს თანატოლებზე უკეთესი ვიყავი. პირველად მართლა ვიფიქრე, რომ ოლიმპიური ტიტულის მოპოვება შემეძლო, ეს მაშინ იყო, როცა 18 წლის ვიყავი და უკვე უფროსებში ვასპარეზობდი. ვიცოდი, რომ თუ ჩემს რამდენიმე სპარინგ პარტნიორს ვაჯობებდი, წინ დიდი წარმატება მელოდა და ასეც მოხდა.

4-ჯერ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, ერთხელაც ოლიმპიური ჩემპიონი და 2-ჯერ კონტინენტის პირველობაზე მოვიპოვე ოქროს მედალი, ჩემი ოცნების ასრულებამ, უკეთესი ადამიანი გამხადა.

შაბათს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ნაგაიამამ, რომ ოლიმპიადაზე "ბებერი ძვლები" საჭირო არ არის (იცინის)..."

- ნაოჰისა ტაკატო

4-გზის მსოფლიოს, ოლიმპიურ და 2-გზის კონტინენტის პირველობის გამარჯვებულ ნაოჰისა ტაკატოს, ოფიციალურად არ განუცხადებია კარიერის დასრულების შესახებ, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ტოკიოს გრანდ სლემი მის კარიერაში ერთ-ერთი ბოლო იყო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტოკიოს გრანდ სლემზე ნაოჰისა ტაკატოზე მეტი მედალი (8), არცერთ ფალავანს არასდროს არ ჰქონია.

სხვა სტატიები