ტაისონ ფიური: "უსიკს ქომაგობდნენ, რადგან მისი ქვეყანა ომშია"
ტაისონ ფიურიმ თავის 36-ბრძოლიან პროფესიონალურ კარიერაში პირველი მარცხი ოლეკსანდრ უსიკისგან განიცადა. ერ-რიადში გამართულ დაპირისპირებაში უკრაინელმა მებრძოლმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით 115-112, 113-114 და 114-113 გაიმარჯვა.
ლენოქს ლუისის შემდეგ (25 წლის წინ), უსიკი გახდა პირველი უდავო ჩემპიონი, რომელმაც 4 ქამრის გაერთიანება შეძლო. დამარცხების შემდეგ, ჯერ კიდევ რინგზე ყოფნისას ფიურიმ უკრაინელის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა და მას დიდებული ბრძოლის ჩატარება მიულოცა, იქვე აღნიშნა, რომ უსიკს ქომაგობენ, რადგან მისი ქვეყანა ომშია და ეს გასაგებია.
მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა მოვიგე. ვიცი, რომ რამდენიმე რაუნდი მოწინააღმდეგემ აიღო, თუმცა უმრავლესობა ჩემი იყო. ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ დავბრუნდებით, რადგან მე მაქვს განმეორებითი შეხვედრის პუნქტი კონტრაქტში.
ახლა ჩვენ ოჯახებს დავუბრუნდებით, დავისვენებთ და ოქტომბერში ისევ ვნახავთ ერთმანეთს. - განაცხადა ჟურნალისტებთან ტაისონ ფიურიმ
მჭიდრო ორთაბრძოლაში, უსიკი დომინირებდა საწყის რაუნდებში. ფიურიმ მეოთხე რაუნდში იპოვა თავისი რიტმი და მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენა უკრაინელს, მაგრამ უსიკმა სწრაფადვე შეძლო უპირატესობის დაბრუნება და მერვე რაუნდიდან ფიურიმ მისი უძლიერესი დარტყმების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. გარდამტეხი მომენტი მე-9 რაუნდში დადგა, როცა თითქმის უგონოდ მყოფი ფიური გათიშვას მსაჯის ჩარევის შემდეგ გადაურჩა, შემდეგ კი რაუნდებს შორის შესვენებამ მოუსწრო.