სპალეტი: "დღევანდელ მატჩში ჩვენი დნმ გამოჩნდა..."
სერია ა-ს მე-18 ტურში ლიდერების დაპირისპირება შედგა. პირველადგილოსანმა “ნაპოლიმ", "დიეგო არმანდო მარადონას" სახელობის სტადიონზე, მეორეადგილოსან “იუვენტუსს” უმასპინძლა და სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (5:1).
საოცარი მატჩი ჰქონდა ქართველ შემტევს – ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც “იუვენტუსის” წინააღმდეგ თავი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
"იუვენტუსის" განადგურების შემდეგ, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და დღევანდელი მატჩი შეაფასა "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა - ლუჩიანო სპალეტიმ.
"მშვენიერი საღამოა, რადგან გუნდმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ძალიან მაღალ ტემპში ვითამაშეთ. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ ყოველ ჯერზე, ეს არის ლამაზი საღამო, რადგან იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და საოცარი გულშემატკივრობა.
დღევანდელ თამაშში ჩვენი გუნდის ნამდვილი დნმ გამოჩნდა. ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე და მხოლო და მხოლოდ გამარჯვება - ეს ჩვენი მიზანია.
ოსიმენი შესანიშნავი თავდამსხმელია. გაოგნებული ვარ მისი უსაზღვრო პოტენციალით და უკვე აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ რას გააკეთებს მომავალში. მას აქვს ტემპი, უნარი, გამბედაობა და ფიზიკურობა, რომ გაუმკლავდეს რთულ სიტუაციებს".
"ნაპოლი" შემდეგ მატჩს იტალიის თასზე, 17 იანვარს 23:55 საათზე, "კრემონეზეს" წინააღმდეგ გამართავს.