"სიამოვნებას ვეღარ ვიღებ" - ფერსტაპენი F1-დან წასვლაზე ალაპარაკდა
მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-დან წასვლაზე ალაპარაკდა. 28 წლის ნიდერლანდელი განმარტავს, რომ F1 მას სიამოვნებას აღარ ანიჭებს.
მიმდინარე სეზონში, ფერსტაპენის სტარტი კატასტროფულია: ჯერჯერობით, მას რბოლა ექვსეულშიც კი არ დაუსრულებია. 28 წლის პილოტმა იაპონიის გრან-პრიზე, სუზუკას ლეგენდარულ ტრასაზე მერვე ადგილი დაიკავა. ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გამარჯვებულს კიმი ანტონელის 30 წამით ჩამორჩა.
ფერსტაპენი განახლებულ ბოლიდებს ღიად აკრიტიკებს. მისი თქმით, ბოლიდების გადახალისებული დიზაინი, სადაც აქცენტი ელექტროძრავის სიმძლავრეზე გადავიდა, მართვის პროცესს მოსაწყენს ხდის.
გასულ შაბათს, სუზუკას ტრასაზე, ფერსტაპენმა ჟურნალისტებს უთხრა: "უკვე იმედგაცრუებულიც აღარ ვარ, ჩემი ემოციები ამ ეტაპს უკვე გასცდა და ბევრი რამ მაქვს გასარკვევი".
კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა, ფერსტაპენმა მოკლედ უპასუხა: "არ ყოფნის აზრს".
ნიდერლანდელის თქმით, ის საქმეს კვლავაც პასუხისმგებლობით ეკიდება, "თუმცა ეს პროცესი ჯანსაღი აღარ არის. რა თქმა უნდა, ვცდილობ სიახლეებთან ადაპტაციას, მაგრამ რბოლის თანამედროვე მეთოდები სიამოვნებას ვერ მანიჭებს".
კითხვაზე, განიხილავს თუ არა "ფორმულა 1"-ის დატოვებას, ფერსტაპენმა უპასუხა: "სწორედ ამას ვგულისხმობ. რბოლების მოლოდინში, ჩემს თავს ვეკითხები: ღირს კი ამად ეს ყველაფერი? ხომ არ მირჩევნია სახლში, ოჯახთან ერთად ყოფნითა და მეგობრების ნახვით დავტკბე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტით სიამოვნებას ვეღარ ვიღებ?"
ფერსტაპენის ამჟამინდელი კონტრაქტი "რედ ბულთან" 2028 წლამდეა გათვლილი, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია ხელშეკრულებაში არსებული სპეციალური პუნქტის შესახებ: თუკი ზაფხულში საუკეთესო ორ მრბოლელს შორის არ იქნება, მას აქვს უფლება, სეზონის ბოლოს გუნდიდან წავიდეს.
ამჟამინდელი მონაცემებით, პირველ ადგილს 72 ქულით კიმი ანტონელი იკავებს. მას მცირედით ჩამორჩება ასევე მერსედესის წარმომადგენელი, ჯორჯ რასელი (63). რაც შეეხება ფერსტაპენს, იგი 12 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
ფერსტაპენი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ "რედ ბულის" გუნდთან მუშაობა მისთვის უდიდესი სიამოვნებაა - გუნდთან, რომელთან ერთადაც მან "ფორმულა 1"-ის ყველა ტიტული და რბოლა მოიგო.
"Red Bull ჩემთვის მეორე ოჯახივითაა", - ამბობს ფერსტაპენი. "მაგრამ როგორც კი ბოლიდში ვჯდები, ვგრძობ, რომ სიამოვნებას ვეღარ ვიღებ. ცდას არ ვაკლებ, მაგრამ ეს უბრალოდ ძალიან რთულია".
ფერსტაპენი წლებია მიანიშნებს, რომ "ფორმულა 1"-ში სამუდამოდ დარჩენას არ აპირებს და რომ კარგად აცნობიერებს სპორტის მიღმა არსებული ცხოვრების მნიშვნელობას. გასულ წელს, იგი მამა გახდა, პარალელურად კი ინტერესები "F1"-ის ფარგლებს გარეთაც გააფართოვა.
მაისში, ის ნიურბურგრინგის ცნობილ 24-საათიან რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. გასულ კვირას კი ამავე ავტოდრომზე შედარებით მცირე მასშტაბის სარბოლო ღონისძიებაშიც მოსინჯა ძალები.
"სიმართლე გითხრათ, ცოტა სევდიანიც კია, რომ ამაზე გვიწევს საუბარი. თუმცა რაც არის, ეს არის. ჩემზე ნუ იდარდებთ, კარგად ვიქნები", - დაამატა მან.