Belive

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დამატებითი განმარტება გააკეთა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა გუშინ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ოლიმპიური სიმბოლიკის გამოყენების წესებს შეეხებოდა. განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა დაზუსტებით ვერ გაიგო რისი უფლება ექნებოდათ/არ ექნებოდათ ოლიმპიადის მიმდინარეობისას. კომიტეტმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გარკვეული შეზღუდვები მედიის წარმომადგენლებს არ შეეხებათ.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი, პირველ რიგში, მადლობას უხდის გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველოს წარმომადგენლებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში ქომაგობენ და განმარტავს, რომ კომიტეტის მიერ გაკეთებული საგანგებო განცხადება, რა თქმა უნდა, არ ვრცელდება მათზე.
აღნიშნული განცხადება ემსახურება ერთადერთ მიზანს: საზოგადოების ინფორმირებას, რომ ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენება მოგების მიღების, კომერციული ან სარეკლამო მიზნებისთვის, საჭიროებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ნებართვას.

ოლიმპიური კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განცხადება არ ეხება ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენებას პირადი დანიშნულებით ან საინფორმაციო მიზნებით მედია-საშუალებების მიერ.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური რეკვიზიტები ეკუთვნის საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.

ოლიმპიური რეკვიზიტების სტატუსი და მათი გამოყენების წესი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ განსაზღვრულია ოლიმპიური ქარტიით, რომელიც ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენებისათვის ითვალისწინებს ნებართვას.
ადგილობრივი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, ისევე როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, პასუხისმგებელნი არიან ადგილობრივ დონეზე უზრუნველყონ ოლიმპიური ქარტიის დებულებებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინტერესების დაცვა. - ნათქვამია დამაზუსტებელ განცხადებაში

დაზუსტების ძირითადი აზრი ისაა, რომ ოლიმპიადის რეკვიზიტების გამოყენება არ შეიძლება კომერციული მიზნებისთვის და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ოლიმპიური კომიტეტის ნებართვა იქნება საჭირო.

სხვა სტატიები