Belive

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე | ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

3 თვის წინ სხვა
5 წთ

2024 წელს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ამ სტატიაში განვლილი გზის შესახებ მოგიყვებით.

ისტორია ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწერა, როდესაც ტიტე კალანდაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა სენსაცია მოახდინა და გასვლით მატჩში, ჯგუფის ფავორიტი უნგრეთის ნაკრები დაამარცხა. პარალელურად მიმდინარე მატჩში, თურქეთმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა დათმო, რის შედეგადაც, საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

უნგრეთთან მატჩი უკიდურესად დაძაბული გამოდგა: მატჩის მიწურულს, როდესაც ანგარიში 30:30 იყო, უნგრელების კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც გიორგი ცხოვრებაძემ შეძლო.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ცხოვრებაძე გუნდის უპირობო ლიდერი გახლდათ: გერმანული "გუმერსბახის" მოთამაშემ, 6 მატჩში მეტოქის კარი 42-ჯერ აიღო და შესარჩევი ეტაპის ბომბარდირი გახდა.

იხილეთ უნგრეთთან მატჩის მიმოხილვა

ევროპის ჩემპიონატამდე განვლილი გზა

ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ჩვენმა ნაკრებმა ურთულესი გზა გაიარა, თუმცა იყო გამართლებაც, რომელიც ამ ისტორიის ნაწილი გახლავთ: თავდაპირველად, ჩვენს ნაკრებს საკვალიფიკაციო ჯგუფში არც უნდა ეასპარეზა, თუმცა უკრაინაში დაწყებული ომის გამო, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ, რუსეთი და ბელორუსი მოკვეთა. შედეგად, ისინი საქართველომ და ლუქსემბურგმა ჩაანაცვლეს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები უძლიერესი უნგრეთის, ასევე შვეიცარიისა და ლიეტუვის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდა. ჯგუფიდან გასვლისთვის, ტიტე კალანდაძის გუნდს პირველი ან მეორე ადგილი უნდა დაეკავებინა, თუმცა იყო მეორე გზაც: საქართველოს ნაკრები ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის უნდა ყოფილიყო.

ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ჩვენი ნაკრებისთვის, შვეიცარიასთან გასამართი მატჩები უდიდეს მნიშვნელობას ატარებდა, რადგან ამ ბრძოლაში, ჩვენს მთავარი კონკურენტად იყო მოაზრებული. კალანდაძის ნაკრები შვეიცარიასთან გასვლით მატჩში დამარცხდა (24:23), დიდი ანგარიშით წააგო უნგრეთთან (24:41), ლიეტუვა მხოლოდ საშინაო შეხვედრაში დაამარცხა (32:18 და 27:35), შემდეგ კი, უმნიშვნელოვანეს მატჩში, საშინაო არენაზე, შვეიცარიასთან დამარცხდა (19:26). შესაბამისად, უნგრეთთან შეხვედრაში საქართველოს გამარჯვება მხოლოდ სენსაციად თუ ჩაითვლებოდა - და ასეც მოხდა.

ევროპის ჩემპიონატის სამზადისი და ჩვენი გუნდის შემადგენლობა

გერმანიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში, საქართველოს ნაკრებმა კარპატების თასზე იასპარეზა, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა. ნახევარფინალურ შეხვედრაში, საქართველომ სლოვაკეთის ნაკრები ანგარიშით 27:32 დაამარცხა, ფინალში კი რუმინეთთან 6 ბურთით დამარცხდა (25:31).

ამის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა, სლოვენიაში მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე, საუდის არაბეთს (31:26), შემდეგ კი ქუვეითს სძლია (34:30). ბოლო 4 შეხვედრიდან 3 გამარჯვების შემდეგ, ტიტე კალანდაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატს კარგი განწყობით ხვდება.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

  • #3 გიორგი ლაპიაშვილი (ბათუმი);

  • #7 ხაზეინ რუსტამოვი (ისკრა, ბოსნია-ჰერცეგოვინა);

  • #9 გიორგი არეშიძე (სტუ-პეგასი);

  • #10 ირაკლი კბილაშვილი (პოტაისა ტურდა, რუმინეთი);

  • #11. გიორგი ცხოვრებაძე (გუმერსბახი, გერმანია);

  • #12. ზურაბ ცინცაძე (აზოტი პულავი, პოლონეთი);

  • #14. თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოჰრიდი, ჩრდილოეთ მაკედონია);

  • #15. ირაკლი გოგოლაძე (ბათუმი);

  • #16. გიგი რუხაძე (ქუთაისი 2015);

  • #18. ერეკლე არსენაშვილი (პუენტე ხენილი, ესპანეთი);

  • #21. სანდრო დარსანია (ბელენენსეში, პორტუგალია);

  • #24. ზურაბ გოგავა (კოტბუსი, გერმანია);

  • #30. ზურაბ აბრამიშვილი (ბათუმი);

  • #34. მირიან გავაშელიშვილი (მეტალოპლასტიკა, სერბეთი);

  • #71. გიორგი დიხამინჯია (ლოვოშიცე, ჩეხეთი);

  • #87. დავით ნიქაბაძე (სარატოვი, რუსეთი);

  • #94 ზურიკო სიმონია (ქუთაისი 2015). 

სამწუხაროდ, ტურნირზე გუნდს ვერ დაეხმარება ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლოზ კალანდაძე, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.

ევროპის ჩემპიონატი - ფორმატი და განრიგი

ტურნირის ფორმატი ასეთია: 4-4 გუნდი 6 ჯგუფშია გადანაწილებული. თითოეული მათგანიდან, საუკეთესო ორი გუნდი შემდეგ რაუნდში გადაინაცვლებს, სადაც ორი 6-გუნდიანი ჯგუფი ჩამოყალიბდება. ამ ჯგუფების პირველ და მეორე ადგილოსნები კი პლეი-ოფის სისტემაში გადაინაცვლებენ და ერთმანეთს ნახევარფინალურ შეხვედრებში დაუპირისპირდებიან.

ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 10-28 იანვარს, გერმანიაში ჩატარდება. წილისყრის შედეგად, საქართველო E ჯგუფში მოხვდა, სადაც ევროპის 5-გზის ჩემპიონისა და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი შვედეთის, ასევე ნიდერლანდებისა და ბოსნიის წინააღმდეგ იასპარეზებს. ჩვენი ნაკრების განრიგი ასეთია:

  • 11 იანვარი, Vs. ნიდერლანდები;

  • 13 იანვარი, Vs. შვედეთი;

  • 15 იანვარი, Vs. ბოსნია.