საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მოლდოვა დიდი ანგარიშით დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ერევნის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ჩვენი ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა. დუბლის ავტორი გიორგი ღავთაძე გახდა, თითო-თითო გოლი კი არჩილ სებისკვერაძემ და ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გაიტანეს. მეტოქემ 1 გოლი საკუთარ კარში გაიტანა.
ფუტსალის ნაკრები ერევნის ტურნირის გამარჯვებულის გამოსავლენად 24 დეკემბერს, მასპინძელ სომხეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. ჩვენი ნაკრები ქვეჯგუფში ლატვიას, ხორვატიასა და საფრანგეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების განრიგი ევროპის ჩემპიონატზე
21 იანვარი - ლატვია Vs. საქართველო
25 იანვარი - ხორვატია Vs. საქართველო
28 იანვარი - საქართველო Vs. საფრანგეთი