Belive

რამაზ სვანაძე: " არავისი გვეშინია და ყველასთან თანაბრად გვსურს თამაში "

1 წლის წინ სხვა
3 წთ

27 ივნისს, "დინამო არენაზე", საქართველოს U21 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენს გუნდს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

შეხვედრის წინ პრესკონფერენცია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გამართა:

"ერთი, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯი დაგვრჩა იმ ოცნების, მიზნის მისაღწევად, რასაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაში ჰქვია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. 

ფსიქოლოგიური მდგომარეობის მხრივ ყველაფერი რიგზეა. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ხშირად გვეკითხებოდნენ, თუ რა იყო ჩვენი გუნდის მიზანი, რაზეც ვპასუხობდი, რომ თითოეულ თამაშზე სწორი შემართებით გასვლა იყო. დღეს აქ ვართ და ორი ტურის შემდეგ ჯგუფს ვლიდერობთ. ამიტომ, ჩვენი სურვილია, ლოგიკურად დავასრულოთ ის ყველაფერი, რაც ჩვენი თამაშით დავიმსახურეთ.  

ევროპის ჩემპიონატზე გატარებული თითოეული წუთი არის დიდი გამოცდილება ჩვენთვის, ქართული ფეხბურთისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა და ნებისმიერი თამაში დიდ გამოცდილებას გვძენს. 

ვალდებულები ვართ, დაღლილობა დავივიწყოთ და ვიფიქროთ მხოლოდ წარმატებაზე.

ვთვლი, რომ ჩვენს ჯგუფში სამივე მეტოქე უმაღლესი დონისაა. ნიდერლანდების ნაკრებს ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე და მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშიათ. ჩვენი მიზანი ორგანიზებული თამაშის ჩვენება იყო წინა შეხვედრებშიც და ხვალაც ასე იქნება. ვეცდებით, რომ შანსი გამოვიყენოთ, თუმცა, მთავარია ჩვენი თამაში ვითამაშოთ. მოედანზე გასვლისას ფრეზე არ ვფიქრობთ. უბრალოდ, მეტოქის ძალის და კლასის გათვალისწინებით, ვეცდებით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ პოტენციური ხიფათი ჩვენს კართან. ამავე დროს, ვეცდებით, რომ გამოვიყენოთ ჩვენი შანსები. მსგავს მეტოქეებთან, რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა, აქამდე იმიტომ მოვედით, რომ არავისი გვეშინია და ყველასთან თანაბრად გვსურს თამაში. 

გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს და ეს არ არის გადაჭარბებული სიტყვები. მოედანზე გასვლისას ნებისმიერი სახის დაღლილობა იხსნება და მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ეს ხალხი არ გავაწბილოთ და გავაგრძელოთ ჩვენი ზღაპარი. ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. "

საქართველოს ნაკრები მოგების ან ფრის შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას ინაღდებს, ჩვენს გუნდს კარგი შანსი წაგების შემთხვევაშიც რჩება.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

სხვა სტატიები