რა შეცვალა ბელალის მარცხმა ილია თოფურიასთვის?
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა UFC 315, სადაც მთავარი ბრძოლა ჩემპიონ ბელალ მუჰამადსა და ჯეკ დელა მადალენას შორის შედგა. ამ უკანასკნელმა ბელალი 5-რაუნდიან ჩხუბში დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ტიტულს დაეუფლა.
ეს ჩხუბი ილიასთვის ფაქტობრივად მომავლის განმსაზღვრელი აღმოჩნდა. ისლამ მახაჩევს ქვესაშუალო წონაში ასპარეზობის სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს. ერთადერთი, რაც დაღესტნელს ამის შესრულებაში ხელს უშლიდა მისი მეგობარი ბელალი იყო. მახაჩევს ისიც აღუნიშნავს, რომ დელა მადალენას მოგების შემთხვევაში სატიტულო ბრძოლაზე პრეტენზიას აუცილებლად გამოთქვამდა. ასეც მოხდა და ისლამმა ასეთი პოსტი გამოაქვეყნა.
Time to become a double champion #inshaAllah
— Makhachev Islam (@MAKHACHEVMMA) May 11, 2025
Let’s go
MMA-ს გულშემატკივრებში ისლამის ზედა წონაში ასვლის მოლოდინი დიდი ხანია არსებობს. დენიელ კორმიემ ამის შესახებ აზრი მადალენას ოქტაგონზევე ჰკითხა. ავსტრალიელი მახაჩევთან ჩხუბს აქამდეც სასიამოვნო გამოწვევად აღიქვამდა და მასთან ბრძოლაზე უარი არც ახლა უთქვამს.
ეს ჩემთვის შესანიშნავი გამოწვევაა. ისლამი Pound-for-Pound-ის პირველი ნომერია. - განაცხადა ჯეკ დელა მადალენამ
ახლა ისმის ერთი კითხვა - ვინ იქნება ილიას შემდეგი მეტოქე? გასაგებია, რომ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ადის, მაგრამ დათმობს თუ არა მსუბუქი წონის ტიტულს?
სხვადასხვა სპორტული გამოცემები უკვე წერენ, რომ ილიას მომავალი მეტოქე ჩარლზ ოლივეირა იქნება. თუმცა, მახაჩევის განცხადება ლავირების საშუალებას იძლევა. ის ამბობს, რომ ორმაგი ჩემპიონობა სურს, რაც ნიშნავს რომ მსუბუქი წონის ქამარს არ დათმობს. ბუნებრივია, რომ ჩვენი მხრიდან ეს მხოლოდ ვარაუდია და ოფიციალურ განცხადებას უნდა დაველოდოთ.