ქართველი ძალოსანი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნეს და 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ქართველი ძალოსანი - რევაზ დავითაძე, უკვე მეორედ, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასვლის შემდეგ, შეჯიბრებიდან მოხსნეს.
დავითაძე ნორვეგიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც მისი გამოსვლა დღეს, 9 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. სპორტსმენი 94კგ წონითი კატეგორიის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა.
საქმე ეხება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილებას, რომელმაც შეცვალა ქართველი ძალოსნების რევაზ დავითაძისა და გურამ გიორბელიძის მიმართ საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს GADA-ს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და ორივე სპორტსმენს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა.
ქართველი ძალოსნის სისხლში აკრძალული ნივთიერების შესაძლო არსებობის შესახებ საქმეს საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტო რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდა და საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ქართული მხარის ვერდიქტი ანულირებულად ცნო და ქართველი 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას სპორტსმენთა უდანაშაულობის დასამტკიცებლად და სამართლიანობის აღსადგენად. ფედერაცია ვრცელ, ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონია, მსოფლიო ჩემპიონატებზე კი მას 4 მედალი აქვს მოპოვებული.