Belive

ქართველებისთვის ოლიმპიადის მეორე დღემაც მედლის გარეშე ჩაიარა

4 თვის წინ სხვა
2 წთ

დღეს ოლიმპიადაზე 3 ქართველი სპორტსმენის გამოსვლა ვიხილეთ. სამწუხაროდ, 2 დღე ისე გავიდა, რომ საქართველოს არცერთი მედალი არ მოუპოვებია.

პირველად საქმეში ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ჩაერთო. ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ჩვენი დელეგაციიდან, მედლის მოპოვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილებოდა. ვაჟამ შეჯიბრის პირველი წრე გამოტოვა და საკუთარ მოწინააღმდეგეს უკვე მერვედფინალში ელოდებოდა. მისი მოწინააღმდეგე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი, ვალიდ ხიარი აღმოჩნდა. ფრანგმა საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა ბრძოლა და ქართველს 2 ვაზარი აუღო, ამრიგად მარგველლაშვილი ოლიმპიადას თავისივე პირველ შეხვედრაში გამოეთიშა. 66 კგ წონით კატეგორიაში, ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა იაპონელი ჰიფუმი აბე.

პარიზის ოლიმპიადაზე "უაილდ ქარდით" მოხვედრილმა ქართველმა მოცურავემ, ნოე ფანცხავამაც ასპარეზობა პირველივე გაცურვის შემდეგ დაასრულა. 18 წლის სპორტსმენმა, 100 მეტრზე დისტანციაზე, გულაღმა ცურვის დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა და იმ 8-კაციან ჯგუფში, რომლებთან ერთადაც იასპარეზა, ბოლო ადგილი დაიკავა (56.46 წმ). საერთო ჯამში, კვალიფიკაციაში მონაწილეობა 46-მა სპორტსმენმა მიიღო და ფანცხავა 41-ე ადგილზე გავიდა.

კრივის 92 კგ წონით კატეგორიაში, მერვედფინალიდან დაიწყო 28 წლის გიორგი ყუშიტაშვილმა. ქართველი მეორე ნომრად განთესილ ტაჯიკ დავლატ ბოლტაევს დაუპირისპირდა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლტაევი ოქროს მოგების მთავარ კანდიდატად მიიჩნევა. პირველი რაუნდი ტაჯიკი სპორტსმენის დომინაციით წარიმართა და მსაჯებმაც ერთსულოვნად მას მიაკუთვნეს. მეორე რაუნდში უპირატესობა ყუშიტაშვილმა გადაიბარა და რაუნდებში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მესამე გადამწყვეტი რაუნდის შემდეგ, არბიტრებმა გამარჯვებულად დავლატ ბოლტაევი დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ საშეჯიბრო დღეს, სხვადასხვა დისციპლინაში 4 ქართველი ვიხილეთ: ანა ნიჟარაძე, გიორგი სარდალაშვილი, ნინო სალუქვაძე და სანდრო ბაზაძე, თუმცა ვერცერთი სინჯის მედალი ვერ მოვიპოვეთ.

სხვა სტატიები