Preview | 18 თებერვალს UFC-ში ორ ქართულ ბრძოლას ვიხილავთ
5 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ქართველი UFC-ის ქამრისთვის იბრძოლებს და ბევრის აზრით ფავორიტიც იქნებაო, რას უპასუხებდით? გეტყვით. არ უპასუხებდით და ამ კითხვას, ღიმილიანი სახით, უპასუხოდ დატოვებდით. იმ დროს ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში მხოლოდ 3 მებრძოლი გვყავდა (მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, ლიანა ჯოჯუა). ამას ისიც ემატებოდა, რომ მათგან ორმა (დვალიშვილმა და ჯოჯუამ) პირველივე ბრძოლა დათმო. შედეგები იმის შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს, ქართველი სპოერტსმენები UFC-ის დონეს ვერ აკმაყოფილებდნენ. გავიდა წლები და სიტუაცია სრულიად შეიცვალა. დანა უაითის ორგანიზაციაში ახლა 5 სპორტსმენი გვყავს (სულ მალე ალექსანდრე თოფურიას სახით მე-6 მებრძოლიც დაემატება) და აქედან 4, Top 10-ის წევრია.
მხოლოდ მაღალი რეიტინგი არაა რითაც შეგვიძლია დავიკვეხნოთ. ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში საქართველოს ისეთი მებრძოლი წარმოადგენს, რომელთანაც დაპირისპირება არავის სურს. მეტიც, ჩემპიონი პირდაპირ ამბობს, რომ ის ძალიან რთული მოწინააღმდეგე იქნება და მასთან ჩხუბს თავს არიდებს. ის მე-6 მებრძოლია, რომელსაც მოქმედ ათლეტებს შორის ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს. გზად ორი ყოფილი ჩემპიონი - ჟოზე ალდო და პიოტრ იანი ჰყავს დამარცხებული. მისი კარდიო ისეთი დონისაა, რომ საერთოდ არ იღლება და სწორედ ამის გამო "მანქანას" ეძახიან. დიახ, ეს მერაბ დვალიშვილია, რომელიც 18 თებერვალს ორი წონის ყოფილ ჩემპიონს - ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში საჩემპიონო ბრძოლას აუცილებლად მიიღებს.
UFC 298-ზე კიდევ ერთი ქართველი გამოვა და მერწმუნეთ, ეს უბრალო გამოსვლა არ იქნება. მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ ისტორიაში პირველად, ქართველი მებრძოლი UFC-ის საჩემპიონო ქამრის მოპოვებას შეეცდება. ილია თოფურია იქნება მებრძოლი, რომელიც ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. "მატადორი" ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის ნამდვილ GOAT-ს, დივიზიონის მეფეს, მრისხანე მეტოქეს და უბრალოდ კარგ ადამიანს - ალექსანდრ "The Great" ვოლკანოვსკის შეერკინება. აუცილებლად უნდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ ავსტრალიელი საკუთარ ქამარს მეექვსედ დაიცავს. ვფიქრობ, "ვოლკის" სიდიადის გადმოსაცემად ეს ბოლო სიტყვებიც საკმარისია.
თბილისის დროით 18 თებერვალს, კალიფორნიაში, ანაჰაიმში მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია MMA-ის სამყაროს კიდევ ერთხელ გააოცებენ. ბუნებრივია, რომ ქართველების ჩხუბები მთავარ ქარდზე იქნება. მათი გამოსვლები გამთენიისას, დაახლოებთ 7:00 საათზე დაიწყება.
მერაბ დვალიშვილი Vs. ჰენრი სეხუდო
ქართველი "მანქანისა" და Triple C-ის ამ დაპირისპირებას ბევრი გულშემატკივარი წინასაქამრე ბრძოლად მიიჩნევს. უმსუბუქესი წონის მე-2 და მე-3 ნომრების ჯახი სხვანაირად არც შეიძლებოდა წარმოგვედგინა. თუმცა, უკვე დიდი ხანია მერაბის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით ხდება. მაშინ როდესაც ამ დივიზიონს ალჯამაინ სტერლინგი - მერაბის ძალიან ახლო მეგობარი განაგებდა, დვალიშვილი იამაიკელთან ბრძოლაზე უარს ამბობდა. არადა, როგორც ზემოთ ვახსენე, გზად ორი ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა და სატიტულო ჩხუბი 100%-ით ეკუთვნოდა. დანა უაითი დვალიშვილის გადაწყვეტილებაზე ძალიან ბრაზობდა. ამაზე მისი იმ დროინდელი განცხადებებიც ნათლად მეტყველებს.
მეგობრის ნაცვლად, დვალიშვილი შონ ო'მალისთან ჩხუბს ითხოვდა. UFC-მ ქართველის ორი ხმაურიანი გამარჯვება არაფრად ჩათვალა და ტიტულის მოპოვების შანსი "შუგას" მისცა. ო'მალიმ ეს შანსი გამოიყენა, სტერლინგი დაამარცხა და უმსუბუქეს წონას სათავეში ჩაუდგა. თითქოს ყველაფერი დალაგდა. "ალჯომ" წონის შეცვლა გადაწყვიტა, მერაბი პირველ პოზიციას იკავებდა და ყველა ქართულ-ამერიკულ დაპირისპირებას ელოდა. მაგრამ, UFC 299-ზე შონ ო'მალი თავის ტიტულს მე-6 ნომერი მარლონ "ჩიტო" ვერას წინააღმდეგ დაიცავს. MMA-ს გულშემატკივრებისა და ექსპერტების აზრით, დვალიშვილს უსამართლოდ მოექცნენ.
და აი, აქ ჩნდება ოლიმპიური და UFC-ის 2 წონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო. დანა უაითის შეთავაზებას მერაბი მაშინვე დათანხმდა და ბრძოლა 17 თებერვალს ჩაინიშნა (თბილისის დროით 18 თებერვალს). Triple C-ის რეგალიების მიუხედავად, ის ისეთივე მრისხანე აღარ არის. ამერიკელ-მექსიკელ მებრძოლს დომინიკ კრუზთან ჩატარებული ჩხუბის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში კარიერა დასრულებული ჰქონდა. სტერლინგის ჩემპიონობის პერიოდში სეხუდო დაბრუნდა, ჩემპიონს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
არ გაგიკვირდებათ და ჰენრი არც ამ ბრძოლაშია ფავორიტი. როგორც შონ ო'მალი თვლის, სეხუდომ ეს ბრძოლა მხოლოდ იმის გამო აიღო, რომ ფული აღარ აქვს. Triple C-მ განაცხადა, რომ მერაბთან წაგების შემთხვევაში კარიერას დაასრულებს. ეს ყველაფერი კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ჰენრი ფსიქოლოგიურად მოწოდების სიმაღლეზე არ არის.
მეორე მხარეს არის მერაბი - მებრძოლი, რომელიც ძალიან მშიერია. მას ჩემპიონობა სურს და ნებისმიერს გაანადგურებს ვინც წინ გადაეღობება. 9 ბრძოლიანი წაუგებელი სერია იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ დვალიშვილი 18 თებერვალს ბევრად კარგ ხასიათზე ხვდება. იმაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, რომ "მანქანის" კარდიო ამ დაპირისპირებაში მთავარი კოზირია.
ეს ჩხუბი გულშემატკივრის იმედებს არავითარ შემთხვევაში არ გააცრუებს. სეხუდო - ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. დვალიშვილი - დაუნდობელი მებრძოლი, რომელიც ტემპს რაუნდიდან რაუნდამდე, უფრო და უფრო ზრდის. მერაბი თავის ყველა მეტოქეზე უდიდეს ზეწოლას ახდენს. ქართველის მოთხოვნის მიუხედავად, შეხვედრა 5-რაუნდიანი არ იქნება. თუმცა, ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ ფეხში შესვლის გაუთავებელი მცდელობებით "მანქანა" სეხუდოს ვერ დაღლის. დვალიშვილს ძალა გამოცლილი მეტოქეების ცემა რომ არ უჭირს, ამაზე პიოტრ იანიც დაგვეთანხმება.
ალექს ვოლკანოვსკი Vs. ილია თოფურია
სულ რაღაც 4 წელია რაც ილია თოფურია UFC-ის მებრძოლია და ისტორიის დაწერა უკვე მოახერხა. 27 წლის სპორტსმენი პირველი ქართველი გახდა, რომელიც ყველაზე პრესტიჟული MMA-ს ორგანიზაციის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს.
ქართველი "მატადორი" ოქტაგონზე დაუმარცხებლის სტატუსით შეაბიჯებს. კარიერაში ჩატარებული 14 შეხვედრიდან თოფურიამ არცერთი დათმო და ყველა შემთხვევაში რვაკუთხედიდან გამარჯვებული გამოვიდა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ილიამ UFC-ში 6 ბრძოლა ჩაატარა და აქედან 4 დროზე ადრე დაასრულა. ბოლო შეხვედრაში "მატადორმა" 5-რაუნდიანი დომინაცია გვანახა. 25 წუთის განმავლობაში მაყურებელმა უყურა თუ როგორ სცემდა ილია ჯოშ ემეტს.
დომინანტური, სანახაობრივი და დაუნდობელი სტილის გამო თოფურიამ გულშემატკივრები მალევე შეიძინა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ფაქტობრივად მთელი ესპანურენოვანი სამყარო და რა თქმა უნდა, საქართველოც მისი ფანი გახდა. ის უკვე დიდი ხანია ესპანეთში ცხოვრობს და მეტსახელი "მატადორიც" სწორედ აქედან მოდის. ილიას პოპულარობა ძალიან მაღალი რომ არის, ამას ფეხბურთის სუპერვარსკვლავებთან ახლო ურთიერთობაც ადასტურებს. გეტყვით, რომ ილიას უკანასკნელ ბრძოლას სერხიო რამოსი დაესწრო და გამარჯვება გასახდელში პირადად მიულოცა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ილია პიკესთან ერთად ესპანური MMA-ის ორგანიზაციის შექმნას გეგმავს. როგორც ფერან ტორესი ამბობს, თოფურიასთან შეხვედრა ფსიქოლოგიურად ძალიან დაეხმარა და კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდა. მგონი საკმარისია...
რომ არაფერი ვთქვათ ილიას კრივზე, ჭიდაობაზე, გრეპლინგსა და ჯიუ-ჯიცუზე, მხოლოდ ამხელა მხარდაჭერაა საკმარისი იმ თავდაჯერებისთვის, რომელიც 27 წლის მებრძოლს აქვს. ახალგზარდა ჩემპიონი თამამად აცხადებს, რომ ალექს ვოლკანოვსკისთან გამარჯვება არ გაუჭირდება. მეტიც, ამბობს რომ პირველ ან მეორე რაუნდში გათიშავს. ეს ყველაფერი ავსტრალიელ ჩემპიონს ძალიან აბრაზებს და თვლის, რომ ილიას კარგი გაკვეთილი სჭირდება.
ალექსი ნამდვილი GOAT, რომ არის ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. მეექვსე ქამრის დაცვა - მხოლოდ ეს სამი სიტყვაა იმ დიდების გამოსახატად საჭირო, რასაც ალექს ვოლკანოვსკი წარმოადგენს. ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც "ვოლკის" გამარჯვებას ბევრი არ წინასწარმეტყველებდა და მსაჯები ყოველ ჯერზე მის ხელს წევდნენ. ქვემსუბუქ წონაში ვოლკანოვსკის 13 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ჯერ არავის დაუმარცხებია. დიდებული კარიერის განმავლობაში ალექსმა ისეთი მებრძოლები დაამარცხა როგორებიც არიან: იაირ როდრიგესი, ბრაიან ორტეგა, მაქს ჰოლოუეი, "კორეელი ზომბი" და ჟოზე ალდო.
ამ ორი მებრძოლის შედეგებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ საოცარი ჩხუბი უნდა ვნახოთ. ალექს ვოლკანოვსკი საკუთარი მემკვიდრეობის დასაცავად იბრძვის. გამარჯვების შემთხვევაში, ავსტრალიელი მეფის გვირგვინს შეინარჩუნებს და საკუთარ სახელს საუკეთესოების გვერდით უფრო მკაფიოდ ჩაწერს.
ილია უდიდესი თავდაჯერებით იბრძოლებს. ქართველს მარცხის გემო არასდროს გაუგია და სწორედ ამის გამო ფიქრობს, რომ ის უძლეველია.
მაშ ასე, კვირას გამთენიისას ქართველი მებრძოლები დაუვიწყარ სანახაობას გვპირდებიან. 18 თებერვალს, დილის 7 საათიდან UFC 298-ის მთავარი ქარდი იწყება. ქართველი "მანქანა" და დაუმარცხებელი "მატადორი" მორიგი გამარჯვებების მოპოვებას შეეცდებიან. თუმცა, ეს უბრალოდ მორიგი გამარჯვებები არ იქნება. ყველაფრის ჩვენს სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, დვალიშვილი ჩემპიონობის კანდიდატი ხოლო, თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდება.