პირველი ქართველი, რომელმაც ევერესტი დალაშქრა
ალპინიზმი მთების, სიმაღლეების და კლდეების დაძლევის ხელოვნებაა, რომლითაც ადამიანი თავისი ფიზიკური და მენტალური ძალების საზღვარს აღწევს. ადამიანზე გაცილებით ურყევისა და ძლიერის დალაშქვრა ის იდუმალი პროცესია, რომელთან შეხებაც მხოლოდ უდიდესი გამბედაობისა და ნებისყოფის მქონე ადამიანებს აქვთ. რა არის ამ პროცესის მნიშვნელობა, ამაზე პასუხი მხოლოდ მათ აქვთ, ვისაც მთის ძახილი ჩაესმის - ვინც სიმაღლის დაპყრობისას ისეთივე შემოქმედებით წვას განიცდის, როგორც ხელოვანი შემოქმედების პროცესში.
მთასვლელებისგან მსმენია, რომ მთის მწვერვალზე ასვლა არა მხოლოდ ფიზიკური აქტია, არამედ სულიერი მოგზაურობაცაა. ეს არის, ერთი მხრივ, ბრძოლა ყველაზე ძლიერთან - ბუნებასთან. ასევე, მთის დალაშქვრა არის ბრძოლა ყველაზე რთულ მეტოქესთან - საკუთარ თავთან. ყოველი ნაბიჯი საბედისწეროა, ყოველი ნაბიჯი - გასათვლელი. შესაბამისად, მუხლის სიმაგრეზე და წერაყინის ოსტატურად ფლობაზე მეტად, გონების ძალა ფასობს.
მსოფლიოში სულ 14 მწვერვალია ისეთი, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 8,000 მეტრს აღემატება. მათი ჩამონათვალი, დამრგვალებული მონაცემებით, ასეთია:
ევერესტი (8849);
K2 (8614);
კანჩენჯანგა (8586);
ლჰოძე (8516);
მაკალუ (8485);
ჩო-ოიუი (8188);
დჰაულაგირი (8167);
მანასლუ (8163);
ნანგა-პარბატი (8126);
ანაპურნა (8091);
გაშერბრუმ I (8080);
ბროუდ-პიკი (8051);
გაშერბრუმ II (8035);
შიშა-პანგმა (8027).
ყოველი მთის დალაშქვრა ინდივიდუალური გამოცდილებაა, თუმცა დედამიწაზე ყველაზე მაღალ წერტილზე დგომა ყველაფრისგან გამორჩეული თავგადასავალია. ტიბეტში ჯომოლუნგმას უწოდებენ, ნეპალში - საგარმათხას. მსოფლიოში ცნობილი სახელი ჯორჯ ევერესტის საპატივცემულოდ ეწოდა - ადამიანის, რომელიც ჰიმალაის ტოპოგრაფიულად სწავლობდა და რომელმაც ევერესტის ზუსტი სიმაღლე პირველმა განსაზღვრა. 1953 წლის 29 მაისს ნორგეი თენცინგთან ერთად, ედმინდ ჰილარი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ევერესტზე ფეხი დადგა.
პირველი ქართველი ევერესტზე
1991 წლის 10 ოქტომბერს, რომან გიუტაშვილი გახდა პირველი ქართველი მთასვლელი, რომელმაც "ევერესტის" მწვერვალზე ფეხი დადგა. ექსპედიცია საერთაშორისო იყო - მასთან ერთად, მწვერვალზე ორი რუსი, ოთხი ესპანელი და ერთი ამერიკელი ალპინისტი ავიდა.
ნორვეგიელი რიჩარდ ბასის (55) შემდეგ, გიუტაშვილი იყო ყველაზე უხუცესი ალპინისტი, რომელმაც ევერესტი დალაშქრა (მსოფლიოში 347-ე). ცნობილია ფაქტი, რომ მაშინ, როდესაც მწვერვალამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი, გიუტაშვილთან ერთად ექსპედიციაში მყოფი ალპინისტი შეუძლოდ გახდა. გიუტაშვილი დილემის წინაშე დადგა: "ევერესტზე" ასვლის ბოლო შანსი და მეწყვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა...
"როცა მე და დენიელმა დავაპირეთ გასვლა, ძლიერი ქარი ქროდა, თან ყინავდა, თუმცა დაახლოებით დილის 6 საათისთვის მზე ამოვიდა და მივხვდით, რომ ეს ჩვენი ბოლო შანსი იყო. მწვერვალისკენ ნელა დავიძარით – ამ სიმაღლეზე ორივენი პირველად ვიყავით და ძალიან ფრთხილად მივიწევდით წინ. არც იმას დავმალავ, რომ გვიჭირდა. მწვერვალამდე რამდენიმე ასეული მეტრი იყო დარჩენილი, როცა დენიელს ძალა გამოელია. პირველად მაშინ დავდექით გზიდან მობრუნების საფრთხის წინაშე. ძალიან არ მსურდა ამის გაკეთება. ჩემ ასაკში არავინ იცის მექნებოდა თუ არა ევერესტის დაპყრობის მეორე შანსი, დენი კი 30 წლის იყო და ის კიდევ შეუტევდა მწვერვალს… იმ წამებში ჩემთვის ძალიან რთული იყო უკან მობრუნება, ამიტომ ცოტა შევისვენეთ. რამდენიმე წუთი ვესაუბრე და ბოლოს გზის გაგრძელებაზე დავითანხმე – ძალიან მინდოდა ორივენი ერთად ავსულიყავით მწვერვალზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიჭირდა, 1991 წლის 10 ოქტომბერს, იქაური დროით 17 საათზე პიკზე დავდექით. - რომან გიუტაშვილი.
…იქ რა ხდებოდა? ეგ არ მკითხოთ! როცა მწვერვალზე ავედი, პირველად საქართველოს დროშა გამახსენდა. ქარი ქროდა, მე კი დროშის წერაყინზე დამაგრება მსურდა, მაგრამ ვერ შევძელი. ბოლოს ხელში დავიჭირე, დენიმ კი 3 კადრის გადაღება მოასწრო და ფოტოაპარატიც გაიყინა.
…იმ დროშაზე ერთი საინტერესო ისტორია უნდა მოგიყვეთ. ჰიმალაებში ისე გავემგზავრე, შინდისფერი ქართული დროშა ნანახიც არ მქონდა. ვიფიქრე, თუ მოხდა და მწვერვალზე ავედი, კარგი იქნება ჩემი ქვეყნის სახელმწიფო დროშა ავაფრიალო-მეთქი, მაგრამ კატმანდუში საქართველოს დროშა საიდან უნდა მეშოვა? ისევ ჩვენი თანამემამულე, ქალბატონი თალიკო ყუბუსიძე დამეხმარა, რომელიც იქ ცხოვრობდა – მისი მეუღლე ნეპალის სამეფო ტელევიზიის ოპერატორი გახლდათ… ქალბატონმა თალიკომ საქართველოს დროშა ერთ ღამეში შეკერა და გამატანა… - რომან გიუტაშვილი