"პასუხს ოქტაგონზე გაგცემ" - ევლოევი თოფურიას ემუქრება
2 წლის წინ
სხვა
2 წთ
UFC 270-ის ივენთზე, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს შორის გასამართი ბრძოლა ოფიციალურად გაუქმდა. ბრძოლის ჩაშლის მიზეზად, რუსი მებრძოლის კორონავირუსით დაინფიცირება სახელდება. ილია თოფურიამ სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მეტოქეს მშიშარა ვირთხა უწოდა. თოფურია აღნიშნავს, რომ ბრძოლის ჩაშლა მისთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენდა და მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებამ არ გააკვირვა.
რუსმა მებრძოლმა Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბრძოლა ადრე თუ გვიან აუცილებლად შედგება. ევლოევის მტკიცებით, თოფურიას პასუხს ოქტაგონზე გასცემს."ახალი კორონავირუსით დავინფიცირდი. სამწუხაროდ, 3-თვიანი მოსამზადებელი პერიოდის დასკვნით ეტაპზე, ბრძოლის წინ დავინფიცირდი. აუცილებელია კორონავირუსისგან განკურნება, შემდეგ კი სუნთქვის ნორმალურად აღსადგენად რეაბილიტაციის გავლა. ყველაფერი ღვთის ნებაა. ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ვერ შევძელი იმ ადამიანების გახარება, რომლებიც ბრძოლას ელოდნენ. გპირდებით, ოქტაგონზე მალე დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ. კიდევ უფრო მედგრად გავაგრძელებ ვარჯიშს". "ამავდროულად, ჩემი მეტოქე შეურაცხყოფას აგრძელებს. ბრძოლა ადრე თუ გვიან მაინც გაიმართება და პასუხს იქ გაგცემ", - აღნიშნა მოვსარ ევლოევმა.
შეგახსენებთ, ილია თოფურიამ (11-0) 2021 წელს, UFC-ის ეგიდით 1 ბრძოლა გამართა. 2021 წლის 10 ივლისს ილია თოფურია რაიან ჰოლს დაუპირისპირდა. საქართველოს სახელით მოასპარეზე თოფურიამ, რომელიც დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსს ატარებს, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. "მატადორმა" მეტოქე პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. აღნიშნული გამარჯვების შედეგად თოფურიას 44,000$ ხვდა წილად, მის ოპონენტს კი 41,000$. ილია თოფურიას ორგანიზაციაში 3 ბრძოლა აქვს გამართული და დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით სარგებლობს. UFC-ის ეგიდით გამართულ ივენთებზე, "მატადორმა" იუსუფ ზალალი, დეიმონ ჯექსონი და რაიან ჰოლი დაამარცხა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 იანვარს გასამართ ივენთზე, მოვსარ ევლოევი შესაძლოა შარლ ჟორდენმა ჩაანაცვლოს. მებრძოლებმა თანხმობა უკვე განაცხადეს და ბრძოლის ჩატარებას მხოლოდ ოფიციალური ხელმოწერა აკლია.View this post on Instagram