"ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის მზად ვარ" - რომან დოლიძე
10 თვის წინ
სხვა
1 წთ
როგორც უკვე იცით, მიმდინარე კვირა რომან დოლიძის საბრძოლო კვირაა. ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე 4 თებერვალს გამოვა და მისი მოწინააღმდეგე ნასურდინ იმავოვი იქნება.
საკუთარ YouTube არხზე საუბრისას რომან დოლიძემ აღნიშნა, რომ წონის კლებასთან ერთად სხვა დანარჩენიც გეგმის მიხედვით მიდის. ვიდეოს დასაწყისში რომანისა და გიგა ჭიკაძის სატელეფონო საუბარი ჩანს. "ნინძამ" დოლიძეს მეტოქესთან საბმიშენით მოგება იწინასწარმეტყველა. აღსანიშნავია, რომ ნასურდინის მწვრთნელები დოლიძის გრეპლინგს უფრთხიან და ეს არაერთ ინტერვიუში აღნიშნეს.
როგორც მოგეხსენებათ, რომანს ამ ბრძოლის ჩანიშვნამდე რამდენიმე ჩხუბი ჩაეშალა. დოლიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჰკითხეს და პასუხი მის ვიდეოშიც მოხვდა.
ამდენმა ჩაშლილმა ბრძოლამ ჩემი ჩხუბის სურვილი არ გააქრო. საწყენი ისაა, რომ მოსამზადებელ პერიოდში ბევრს ვშრომობდი. აგვისტოდან დეკემბრამდე ვეგასში ვიყავი. როცა ყველაფერი გაირკვა საქართველოში დავბრუნდი და შემდეგ მითხრეს, რომ თებერვალში ვიბრძოლებდი. აქ დეკემბრის ბოლოს დავბრუნდი. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ყველაფერი ჩვენი საქმის ნაწილია. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის მზად ვარ. კარგად მესმის, რომ ამ სპორტში ბევრი გაუთვალისწინებელი რამ ხდება. - განაცხადა რომანმა