მსოფლიო ჩემპიონატი 2025 | დღე III - ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ
13 ივნისიდან, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 19 ივნისს ინდივიდუალური ასპარეზობით დასრულდება, 20 ივნისს კი მსოფლიო ჩემპიონატს გუნდური პირველობა დახურავს.
ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 0 მედალია, თუმცა ყველაფერი წინ არის - მესამე საშეჯიბრო დღეს, ანუ 15 ივნისს, ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ, საიდანაც 1 კაცი, ხოლო 2 ქალი იქნება.
მესამე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას: ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე დაიცავენ.
73 კგ
ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი - ლაშა შავდათუაშვილი, D ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც ბულგარელ - მარკ ჰრისტოვს შეხვდება. ბულგარული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, შავის მეტოქე, იტალიელ - ჯოვანი ესპოსიტოსა და აზერბაიჯანელ - რაშიდ მამმადალიევს შორის გამარჯვებული იქნება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბადის მეორე მხარეს არის მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპირი ჩემპიონი, უძლიერესი აზერბაიჯანელი - ჰიდაიატ ჰეიდაროვი, რომელიც ფინალამდე ქართველს ვერ შეხვდება.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძიუდოს ექსპერტების აზრით, ლაშა შავდათუაშვილს იდეალური ბადე აქვს იმისათვის, რომ მან მინიმუმ 1/2-ფინალში გასვლა შეძლოს, სადაც მისი სავარაუდო მეტოქე, იაპონელი - ტაცუკი იშიჰარა იქნება.
57 კგ
57 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ - ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე იჭიდავებენ.
ეთერ ლიპარტელიანი D ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, სადაც სამხრეთ კორეელ - კიმ ჯუჰის დაუპირისპირდება. ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომელიც ეთოს ბადეში ჰყავს, ისრაელის წარმომადგენელი - ტიმნა ნელსონ ლევია.
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი - კრისტა დეგუჩი და უძლიერესი იაპონელი - ჰარუკა ფუნაკუბო წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე არ ასპარეზობენ, რაც ეთერ ლიპარტელიანის საჩემპიონო შანსებს ერთიორად ზრდის.
რაც შეეხება ნინო ლოლაძეს, 20 წლის ქართველი ურთულეს ბადეშია მოხვედრილი - იგი განუთესავია და ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან იწყებს, სადაც შვეიცარიელი მეტოქე ეყოლება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, ლოლაძე იაპონელ - მომო ტანაოკას დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან დაიწყება.