ლაშა შავდათუაშვილი: "სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ"
ქართული და მსოფლიო ძიუდოს ლეგენდამ, ლაშა შავდათუაშვილმა, ევროპის ძიუდოს კავშირთან (EJU) ინტერვიუში საკუთარ სპორტულ ხანგრძლივობაზე, ძიუდოსადმი სიყვარულსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 34 წლის ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასაკი მისთვის მხოლოდ ციფრებია. 2026 წელს, პირველი ევროპული ოქროდან 13 წლის შემდეგ, მან თბილისის ტატამიზე ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ჰიდაიატ ჰეიდაროვი დაამარცხა და მშობლიური ტრიბუნების წინაშე კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა.
შავდათუაშვილი განმარტავს, რომ მისი წარმატების საიდუმლო ყოველდღიური მძიმე შრომა და დისციპლინაა.
„ჩემთვის ძიუდო ყველაფერია - ის ჰგავს საუკეთესო მეგობარს, რომელსაც სულ გინდა რაღაც კარგი გაუკეთო. ჩემი პასუხი ამ სპორტისადმი არის ვარჯიში, ბოლომდე დაიხარჯო და არასდროს დანებდე. ერთხელ მოგება მხოლოდ ეპიზოდია, მაგრამ წლების განმავლობაში მწვერვალზე დარჩენა უდიდესი შრომის ნაყოფია." - ლაშა შავდათუშვილი
შავდათუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წლების მატებასთან ერთად უფრო მეტ დროს უთმობს აღდგენასა და სწორ რეჟიმს.
ტიტულოვანი სპორტსმენისთვის დამატებითი მოტივაცია ოჯახია. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ გაზრდილი და გამოცდილი შავდათუაშვილი ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან საკუთარი სამი შვილისთვის თავად არის მაგალითი. მისი თქმით, ბავშვები ხედავენ, როგორ შეიძლება მარცხის შემდეგ ფეხზე წამოდგე, განაგრძო ბრძოლა და გაიმარჯვო, რაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია.
წინ მსოფლიო ჩემპიონატი ელოდება, რომელიც 4-12 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაიმართება. ეროვნულ ნაკრებს ცვლილებები შეეხო - მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთში გადავიდა სამუშაოდ, თუმცა შავდათუაშვილი აღნიშნავს, რომ ეს სპორტული პროცესია. რაც შეეხება 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებს, ლაშა მოვლენებს არ უსწრებს, თუმცა მთავარ პრინციპს არ ღალატობს,
„ჩემი მთავარი მიზანი მარტივია - ვიბრძოლებ ამისთვის, ვიბრძოლებ ბოლო სუნთქვამდე და სისხლის ბოლო წვეთამდე“. - ლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი