მკაცრი სასჯელი ან ძიუდოდან მოკვეთა - პეტერ პალჩიკი საშიშროების წინაშე დგას
ცნობილი ძიუდოისტი, ისრაელის წარმომადგენელი - პეტერ პალჩიკი, შესაძლოა უმკაცრესად დაისაჯოს.
საქმე ისაა, რომ პალჩიკმა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, 100 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიის მიმდინარეობისას, ისრაელის სამხედრო დროშას აკოცა, შემდეგ კი ისრაელის თავდაცვის ძალების მხარდასაჭერი კომენტარები გააკეთა.
32 წლის უკრაინაში დაბადებული სპორტსმენი, პარიზის ოლიმპიადამდე და ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც, გამოირჩეოდა პოლიტიკური მოწოდებებითა და თავისი თამამი განცხადებებით ისრაელის თავდაცვის ძალების შესახებ.
პალჩიკმა პარიზის ოლიმპიადამდე, სოციალურ ქსელში რაკეტების ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც სიტყვა "იპონი" იყო გამოსახული და სათაურად ეწერა "ეს ჩემგან, დიდი სიამოვნებით", თუმცა ფოტო მოგვიანებით მისი სოციალური ქსელიდან წაიშალა.
ცნობილი ხდება, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) უკვე მოლაპარაკებაშია ისრაელის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით, პირველი ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.
ისრაელის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა - იელ არადმა განაცხადა, რომ პალჩიკის პოსტი, რომელიც სოციალურ მედიაში თავად გამოაქვეყნა, არ იყო რომელიმე ქვეყნის ან ხალხის წინააღმდეგ განკუთვნილი, არამედ მისი პოსტი ეძღვნებოდა ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რეგულარულად ხაზს უსვამს სპორტის პოლიტიზაციისა და მილიტარიზაციის პრევენციის აუცილებლობას.
"მე ვარ ოლიმპიური სპორტსმენი და ყოველთვის მხარს ვუჭერ მშვიდობას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. სპორტმა უნდა გააერთიანოს მსოფლიო და ეს განსაკუთრებით ეხება ოლიმპიურ თამაშებს. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი გულები რელიგიისა და წარმომავლობის მიუხედავად..." - პეტერ პალჩიკი
ოლიმპიური კომიტეტი პეტერ პალჩიკის მიმართ ამ საქმეს გამოიძიებს, მას კი ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ან ძიუდოდან მოკვეთა ემუქრება.