"მირჩევნია ილიასთან ვიბრძოლო ვიდრე მაქსთან" - დიეგო ლოპესი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
26 ოქტომბერს ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს პირველად დაიცავს. აბუ დაბიში გასამართ შეხვედრაში "მატადორის" მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლას დამზღვევიც ჰყავს. იმ შემთხვევაში თუ ილია ან მაქსი წონას ვერ ჩააბარებს ან ტრავმას მიიღებს, მათ დიეგო ლოპესი შეცვლის.
Hablemos MMA-სთან საუბრისას ლოპესმა განაცხადა, რომ ზემოთ ხსენებული ორი მებრძოლიდან ილიასთან შეხვედრა ურჩევნია.
რა თქმა უნდა, ტიტულისთვის ილიასთან ბრძოლა მირჩევნია. ეს საოცარი იქნება. გუნდთან ერთად ორივე მებრძოლი შევისწავლე. შესაძლოა ხალხს ჩემი არ სჯეროდეს მაგრამ, ჩემი სტილიდან გამომდინარე ილიასთან შეხვედრა უკეთესი ვარიანტი იქნება.
ეს ბრძოლა იდეალურად მერგება. მაქსის წინააღმდეგ კომპლექსური სტრატეგიის შერჩევა მოგვიწევს, რომელსაც არანაირი წუნი არ უნდა ჰქონდეს. არ ვამბობ, რომ ილიასთანაც მსგავსი სიტუაცია არ იქნება უბრალოდ, მის წინააღმდეგ ბრძოლა ჩემთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, რადგან გაცვლებში შესვლა მეც მიყვარს და ძლიერი დარტყმაც მაქვს. ხალხის დანოკაუტება შემიძლია. როცა მე და ილია დარტყმების გაცვლას დავიწყებთ, ხალხი ერთ-ერთის დავარდნას უნდა ელოდოს. ასე რომ, ილიასთან ბრძოლა ჩემს სტილს მეტად ერგება.
იმ გამოცდილებისა და ყოფილი მეტოქეების ფონზე, ამ ბრძოლაში უპირატესობას მაქსს ვანიჭებ. გარდა ამისა, ის არასდროს გათიშულა მაგრამ, ვიცით რომ შესაძლოა ყველაფერი მოხდეს და ილიას საკუთარ ხელებში ძალა ნამდვილად აქვს. მიუხედავად ამისა მე მაინც მაქსისკენ ვიხრები. - განაცხადა დიეგო ლოპესმა
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ილიასა და მაქსის ბრძოლა 26 ოქტომბერს აბუ დაბიში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ "დალოცვილი" BMF-ის ქამარს ფლობს, ამ შეხვედრაში აღნიშნული ტიტული არ გათამაშდება.