Belive

"მინდა ჩემპიონი გავხდე, რადგან ქართველმა ხალხმა იამაყოს" - გიგა ჭიკაძე

4 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე, თბილისის დროით, 17 დეკემბერს დაბრუნდება. "ნინძას" მოწინააღმდეგე ილია თოფურიას ყოფილი მეტოქე ჯოშ ემეტი იქნება. მათი დაპირისპირება ლას ვეგასში შედგება.

გიგამ მომავალ ბრძოლაზე MMA Junkie-სთან ისაუბრა.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ემეტი საიდან მოდის, რადგან ვიცი რომ ის TOP 10-ის მებრძოლია. ის მაღალი დონის ათლეტია. ოქტაგონზე ჩემი მოწინააღმდეგის საუკეთესო ვარიანტს ველი. ეს ყველაფერი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რადგან მე მხოლოდ გამარჯვებისთვის მოვდივარ. -

გიგა UFC-ის რეიტინგში მე-13 პოზიციას იკავებს და მისი თქმით, მე-7 ნომერი ემეტის დამარცხება კარიერულად წინ წაწევს. ჭიკაძეს ქამრისკენ მიმავალ გზაზე სურს დაბრუნება. ქართველი მებრძოლის ჩემპიონობისკენ 9-ბრძოლიანი წაუგებელი სერიით კარგად მიდიოდა, თუმცა კატართან დამარცხდა და ახლა ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო.

მე აქ მხოლოდ ფულისთვის არ ვიბრძვი. ვიბრძვი ჩემი ოცნებისთვის - გავხდე ქართველი ჩემპიონი, რადგან ჩემმა ხალხმა ამით იამაყოს. ეს ჩემი ოცნებაა. ამიტომაც ვარ UFC-ში - საუკეთესო ორგანიზაციაში. მინდა საუკეთესო მებრძოლი ვიყო. - განაცხადა გიგამ

MMA Junkie-სთან საუბრისას ჭიკაძემ მომავალი ბრძოლის გეგმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკუთარ შემტევ უნარებს ბოლომდე გამოიყენებს. ამით გათიშავს თუ არა მეტოქეს სხვა საკითხია, თუმცა მთავარი ისაა, რომ ბრძოლის შემდეგ მსაჯმა გიგას ხელი აღმართოს.

"ბრძოლებში ყოველთვის ნოკაუტს ვეძებ. მსიამოვნებს ამის კეთება და სწორედ ამით ვარ ცნობილი. მე ნოკაუტ არტისტი ვარ და ყოველ ჯერზე, როცა რვაკუთხედში შევდივარ, ნოკაუტით მოგებას ვცდილობ. მაგრამ ამავე დროს, ამ ბრძოლაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია.

ის ძალიან გამოცდილია, საჩემპიონო ბრძოლაც აქვს ჩატარებული. ყველამ ვინც მას აჯობა, ტიტულისთვის იბრძოლა ან მალე იბრძოლებს. ეს დაპირისპირება ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ამიტომ უნდა გავიმარჯვო. - განაცხადა გიგა ჭიკაძემ

ბოლო ბრძოლაში "ნინძა" ალექს კასერესს დაუპირისპირდა და 20 თვიანი პაუზა გამარჯვებით აღნიშნა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ჭიკაძეს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 

სხვა სტატიები