"მინდა ჩემი ხალხისთვის გავიმარჯვო" - მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილისა და რუსი პიოტრ იანის დაპირისპირება 12 მარტს, UFC Vegas 71-ზე შედგება. პრინციპული ბრძოლის წინ, დვალიშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბრძოლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. უამრავი მიზეზი მაქვს - ეს ჩემთვის პირადულიცაა. იანი რუსეთიდანაა, მე კი საქართველოდან. ყველამ ვიცით, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს და ასევე რა გააკეთა საქართველოში. მინდა ჩემი ხალხისთვის გავიმარჯვო. სამშობლოდან და უკრაინიდან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ. როგორც მებრძოლი, იანი სერიოზული მოწინააღმდეგეა. ის ჩემთვის ურთულესი მოწინააღმდეგეა. ვფიქრობ იანი კარგი მებრძოლი და ოჯახის კაცია, მაგრამ დიდებული ადამიანი არაა. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად კარგი მებრძოლი ხარ, მთავარია, რომ იყო კარგი ადამიანი.
მისი დამარცხება ნოკაუტით მსურს, მაგრამ ის ძლიერი მებრძოლია და საკმაოდ რთული იქნება. მნიშვნელობა არ აქვს როგორ გავიმარჯვებ, ნოკაუტით, მახრჩობელათი, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, თუ გაყოფილი ხმებით. მძიმე ბრძოლა იქნება, მე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვემზადები", - მერაბ დვალიშვილი.
დვალიშვილს კითხვა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციის შესახებაც დაუსვეს, რომლის დროსაც პროფესიონალი მებრძოლი მათე სანიკიძე დააკავეს:
"საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. ჩვენი ხალხი საპროტესტო აქციებს ყოველთვის მართავს. ახლაც დიდი პროტესტი მიმდინარეობს. პროფესიონალი მებრძოლი მათე სანიკიძე პროტესტის მონაწილე იყო. ის ახლა დაკავებულია და მინდა ვთქვა: თავისუფლება მათე სანიკიძეს. ვიცი, რომ მათეს მალე გამოუშებენ და ჩემი ქვეყანა განაგრძობს დემოკრატიულ განვითარებას".