"მერაბს უმარის ეშინია" - შონ ო'მალი
სუპერმსუბუქი წონის დივიზიონში სიტუაცია ძველებურად არეულია. ჩემპიონ მერაბთან ბრძოლა ყველას უნდა, თუმცა გასარკვევია ამას ვინ იმსახურებს. დანა უაითი ამბობს, რომ ეს უმარი უნდა იყოს. მერაბი კი თვლის, რომ ნურმაგომედოვს ქამარზე საბრძოლველად ჯერ საკმარისი არ გაუკეთებია. დვალიშვილი მის საპირწონე მეტოქედ დეივესონ დიგერედოს მიიჩნევდა, რომელიც შაბათს პიოტრ იანმა პირწმინდად დაამარცხა. რუსმა მებრძოლმა მერაბთან რევანშის სურვილი გამოთქვა და "მანქანა" ოქტაგონიდანვე გამოიწვია. დვალიშვილმა იანის გამოწვევა მიიღო და მასთან ჩხუბზე თანხმობა განაცხადა.
ამ ყველაფერს სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი შონ ო'მალი გამოეხმაურა და თქვა, რომ მერაბს უმარის უბრალოდ ეშინია.
უმარს უნდა, რომ მერაბს იანვარში შეხვდეს. მერაბს კი ისე ეშინია უმარის, რომ ჩაისვარა. მას უმართან ჩხუბი არ უნდა. ახლა ამბობს, რომ იანთან ბრძოლა უნდა, მანამდე ჩემთან სურდა. - თქვა შონმა პოდკასტში საუბრისას
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი სწორედ შონ ო'მალის წინააღმდეგ მოიპოვა. UFC Noche-ს ისტორიულ ღონისძიებაზე ო'მალი-დვალიშვილის ჩხუბი მთავარი იყო და მოლოდინებიც გაამართლა. 5-რაუნდიან დაპირისპირებაში "მანქანამ" "შუგა" უპრობლემოდ დაამარცხა.