მეოთხე საშეჯიბრო დღე | გრიგალაშვილის ტრიუმფის მოლოდინში - პრევიუ
დღეს, 29 ივლისს, დილის 12:00 საათიდან, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტი ძიუდოს მესამე საშეჯიბრო დღემ აიღო, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის კვლავ წარუმატებლად განვითარდა.
კერძოდ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, 3-გზის ოლიმპიური თამაშების მედალოსანმა - ლაშა შავდათუაშვილმა, განუთესაობის გამო, ასპარეზობა პირველივე ეტაპიდან დაიწყო და იქვე დაასრულა. 32 წლის ქართველი ძიუდოისტი, ფრანგ - ჟოან ბენჟამინ გაბასთან შიდოებით დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.
ეთერ ლიპარტელიანი კი 1/4-ფინალში გავიდა, იქ დამარცხდა, რეპეშაჟში მონღოლური ბარიერიც დაძლია, თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა. შესაბამისად, 3 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე, კვლავ არცერთი მედალი არ არის.
მეოთხე საშეჯიბრო დღეს, 30 ივლისს, ტატამზე მამაკაცებიდან 81 კგ, ხოლო ქალებში 63 კგ წონითი კატეგორია იასპარეზებს.
81 კგ
ეს სწორედ ის წონითი კატეგორიაა, რომლიდანაც სრულიად საქართველო ოქროს მედალს ელოდება.
81 კგ-ში, საქართველოს ნაკრების ღირსებას, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი (3-გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი) - ტატო გრიგალაშვილი დაიცავს.
ტატო გრიგალაშვილი C ბადეში ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, მოლდოველი - მიჰაილ ლატისევი იქნება. მოლდოვური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ტატო, ავსტრიის სახელით მოასპარეზე - ვაჩიდ ბორჩაშვილს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, ამ წონითი კატეგორიის ლიდერები - მატიას კასე, ვედატ ალბაირაქი და ტაკანორი ნაგასე, სამივე მათგანი A ბადეში ასპარეზობენ.
63 კგ
63 კგ წონით კატეგორიაში, სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს - ეთერ ასკილაშვილი.
ეთერი C ბადეში განუთესავია და ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან, სლოვენიელი - ანდეია ლესკის წინააღმდეგ იწყებს. სლოვენიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ეთერ ასკილაშვილი, ვენესუელელ - ანრიქუელს ბარიოსსა და ალჟირელ - ამინა ბელკადს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან დაიწყება.