IJF-ს განახლებული რეიტინგი | ქართველები მსოფლიო რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე
23 აპრილს , მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც 27 აპრილს, გუნდური პირველობითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი (ინდივიდუალური) 2 ოქროსა (სარდალაშვილი, სულამანიძე) და 2 ვერცხლის (ლიპარტელიანი, გრიგალაშვილი) მედლით დაასრულა, ყველაზე სასიამოვნო ფაქტი კი ბოლო საშეჯიბრო დღეს დაფიქსირდა, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
60 კგ
ევროპის ჩემპიონატზე, 60 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, 21 წლის გიორგი სარდალაშვილმა, რომელმაც ფინალში რუსი - აიუბ ბლიევი დაამარცხა.
სარდალაშვილმა ამ გამარჯვებით მსოფლიო რეიტინგში 800 ქულა მოიპოვა და 4 პოზიციით დაწინაურდა - ახლა მის ანგარიშზე 4882 სარეიტინგო ქულაა და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერია.
66 კგ
66 კგ წონით კატეგორიაში სუსტი გამოსვლა გამოგვივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს წონა გაორებული გვქონდა.
თემურ ნოზაძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ეტაპი დაძლია და შემდეგ დამარცხდა, თუმცა სხვა ძიუდოისტების წარუმატებლობის გამო, იგი მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მსოფლიო რეიტინგის 39-ე ნომერია.
რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა, რაც მსოფლიო რეიტინგზეც შესაბამისად აისახა - ვაჟამ 6 პოზიცია დაკარგა და TOP 10-დან ამოვარდა, ახლა მის ანგარიშზე 2976 სარეიტინგო ქულაა და მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერია.
73 კგ
ევროპის ჩემპიონატზე მორიგი მედლის მოპოვება ვერ შეძლო ლეგენდარულმა - ლაშა შავდათუაშვილმა.
ლაშამ ბრინჯაოსთვის ბრძოლა დათმო და სამწუხაროდ ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში მისი პოზიცია უცვლელია და ლეგენდარული ქართველი 2856 სარეიტინგო ქულით, მსოფლიოს მე-13 ნომრად რჩება.
81 კგ
ევროპის ჩემპიონატზე ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა ტატო გრიგალაშვილმა, რომელსაც აქამდე ეს შეჯიბრი 3-ჯერ ჰქონდა მოგებული.
ტატო ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელთან - ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა და მსოფლიო რეიტინგში 560 ქულა დაიმატა, რითაც კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერობა. მეორე პოზიციაზე კვლავ მატიას კასეა, რომელსაც 3-3 გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 945 სარეიტინგო ქულით უსწრებს.
90 კგ
ეს წონა ქართველებისაა, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე სამწუხარო გამოსვლა გვქონდა. ვერცერთი მედალი ვერ მოიპოვეს ლუკა მაისურაძემ და გიორგი ჯაბნიაშვილმა.
ლუკა მაისურაძის ადგილი მსოფლიო რეიტინგში იგივეა - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 3591 სარეიტინგო ქულით მსოფლიოს მე-5 ნომერია.
გიორგი ჯაბნიაშვილი კი მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და იგი 2226 ქულით, მსოფლიო რეიტინგის 21-ე ნომერია.
100 კგ
ზედიზედ 2 წაგებული ფინალის შემდეგ, კარიერაში პირველი ევროპული ოქრო მოიპოვა - ილია სულამანიძემ, რომელმაც ფინალში ოლიმპიური რევანში აიღო.
ევროპის ჩემპიონობით, ილია სულამანიძემ მსოფლიო რეიტინგში 800 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიოს მე-2 ნომერი გახდა.
+100 კგ
დიდი სენსაცია დაფიქსირდა მძიმე წონაში, სადაც გურამ თუშიშვილი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა და უმედლოდ დარჩა - არადა, გურამი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო ევროპის ჩემპიონატის.
თუშიშვილი TOP 3-დან ამოვარდა და მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაქვეითდა. იგი ახლა მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერია და მის ანგარიშზე 5132 სარეიტინგო ქულაა.
57 კგ
ისტორიული ევროპის ჩემპიონატი გამოდგა ეთერ ლიპარტელიანისთვის, რომელიც პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც კონტინენტის პირველობის ფინალში იჭიდავა.
სამწუხაროდ, ეთომ ფინალი დათმო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა - მან ვერცხლის მედლით მსოფლიო რეიტინგში 560 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომრად დარჩა. ეთოს ანგარიშზე 4337 სარეიტინგო ქულაა.