Belive

"მე ყველგან, ყოველთვის და ყველასთან მზად ვარ ბრძოლის ჩასატარებლად" - რომან დოლიძე

1 წლის წინ სხვა
2 წთ

გუშინ UFC Vegas 63-ის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მებრძოლებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ამ ღონისძიებაზე ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ამერიკელ მებრძოლს ფილ ჰოუსს დაუპირისპირდება.

რომანი მთელი თავისი პროფესიული კარიერის მანძილზე, რამდენიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ამის გაგრძელების იმედი აქვს. შეგახსენებთ, რომ UFC Fight Night 213-ზე, დოლიძე ოქტაგონზე საშუალო წონაში გამოვა.

მიუხედავად იმისა, რომ დოლიძეს ბრძოლა ჯერ არ ჩაუტარებია, უკვე შემდეგ მეტოქეებზე ფიქრობს.

"ბრაზილიელი ბიჭი, მას ძალიან კარგი ჯიუ-ჯიცუ აქვს." - ქართელი მებრძოლი ამ სიტყვებში ანდრე მუნისს გულისხმობდა.

„მინდა აღვნიშნო, რომ 93 კილოგრამში ბრძოლისთვისაც მზად ვარ. იქ არის ერთი ბიჭი, რომელიც მე ძალიან მგავს, პოლ კრეიგი. ის კარგი მებრძოლია და მასთან დაპირისპირება ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა.

მან მის ამჟამინდელ მოწინააღმდეგეზეც ისაუბრა:

"ჩემი მოწინააღმდეგე კარგი მოჭიდავეა, სტრაიკინგიც კარგი აქვს, თუმცა, მეც კარგი მებრძოლი ვარ. პირველ ყოვლისა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ბრძოლა მაყურებლისთვის სანახაობრივი იქნება. ველოდები, რომ რთული ბრძოლა იქნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის კარგი მებრძოლია. წარმატების მისაღწევად ადვილ გზებს არ ვეძებ და აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვარ. ჩემს მეტოქეს ძალიან დიდ პატივს ვცემ."

ქართველ მებრძოლს ჟურნალისტებმა კითხვები მის სამომავლო გეგმებზეც დაუსვეს, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა:

"თუ ჯანმრთელობა ხელ შემიწყობს და UFC მალევე შემომთავაზებს ახალ ბრძოლას, მზად ვიქნები ოქტაგონზე გამოსასვლელად. მე ყველგან, ყოველთვის და ყველასთან მზად ვარ ბრძოლის ჩასატარებლად.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე UFC-ის მორიგ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვეგასში გაიმართება. UFC Vegas 63 29 ოქტომბერს, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება. ქართველი სპორტსმენის შეხვედრა კი, გამთენიისას, დაახლოებით, 02:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები