"მე პირადად მახაჩევთან ჩხუბი ძალიან მხიბლავს" - ხორხე კლიმენტი
18 თებერვალს ილია თოფურიამ ისტორია დაწერა. ის პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. "მატადორმა" ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და დივიზიონს სათავეში თავად ჩაუდგა.
ეს შედეგი ესპანეთისთვისაც უდიდესი წარმატება იყო, რადგან ილია ძალიან დიდი ხანია ესპანეთში ვარჯიშობს. თოფურიას შინ დაბრუნებისას აეროპორტში გულშემატკივარი დახვდა. გარდა ამისა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" წილად მატჩის გახსნის პატივიც ხვდა. ილიას გამარჯვება "სამეფო კლუბმა" საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებითაც მიულოცა.
Hablemos MMA-სთან საუბრისას ილია თოფურიას მთავარი მწვრთნელი ხორხე კლიმენტი რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო.
როგორც კი ილიამ ვოლკანოვსკი გათიშა ბედნიერებისგან წამოვვარდი და მაშინვე ოქტაგონზე ავხტი. მეც, ჩემს ძმასაც და ალექსსაც ემოციების შეკავება ძალიან გაგვიჭირდა. სამივე ოქტაგონზე შევვარდით, ილიასკენ გავიქეცით და ჰაერში ავიტაცეთ. ეს გამარჯვება ჩვენი შრომის კულმინაცია იყო. მიზანი იყო, რომ ხალხს მოეკეტა და ჩვენი შესაძლებლობები რეალურად ენახათ. ორი შვილი მყავს და მათ გამარჯვებაზეც იგივე რეაქცია მექნებოდა. ორი კვირა გავიდა და სიხარული არ გაქარწყლებულა. ხალხი ქუჩაში მოდის და მესალმება, მათგან უდიდეს სიყვარულს ვიღებ. - განაცხადა კლიმენტმა
ილიას მოწინააღმდეგე საკმაოდ გამოცდილი ალექს ვოლკანოვსკი იყო. მებრძოლი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია GOAT ვუწოდოთ. ავსტრალიელი ამ დრომდე ქვემსუბუქ წონაში დაუმარცხებელი იყო. გარდა ამისა, საკუთარი ჩემპიონი ქამარი 5-ჯერ წარმატებით დაიცვა. კარიერის განმავლობაში ისეთი მებრძოლები დაამარცხა როგორებიც არიან: ჩედ მენდესი, ჟოზე ალდო, მაქს ჰოლოუეი, ბრაიან ორტეგა, "კორეელი ზომბი" და იაირ როდრიგესი.
ასე თუ ისე მივიღეთ ბრძოლა, რომელსაც ველოდით. ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვიყავით. არ ჰქონდა მნიშვნელობა ბრძოლა დგომში წარიმართებოდა თუ მიწაზე, ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ზუსტად ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა. თუ ბრძოლა დგომში გაგრძელდებოდა შევეცდებოდით, რომ ასე დაგვესრულებინა. ყველანაირ გდების მცდელობას დავიცავდით. იდეა იყო, რომ სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა და ემოციებს არ ავყოლოდით. ილიას ვუთხარით, რომ თუ ალექსი ფეხის დარტყმებს დაიწყება ამაში ხელი არ შეეშალა. ასე ვოლკანოვსკი საკუთარ ძალებს ირწმუნებდა და სწორედ აქ დაიწყებოდა ილიას თამაში. მან ყველაფერი მეორე რაუნდში დაასრულა. სიმართლე გითხრათ ამას პირველ რაუნდში ველოდი. როცა ვოლკანოვსკიმ ილიას დარტყმა მიიღო ზუსტად ისე გამოიყურებოდა როგორც პრესკონფერენცია. ჩაეძინა. ვოლკანოვსკი დივიზიონს 4 წლის განმავლობაში დომინირებდა და მისი ასეთი დამარცხება ჩვენ გვაყენებს ისეთ პოზიციაში, სადაც სხვაობას ილიასა და სხვა მებრძოლებს შორის კარგად შევამჩნევთ. - ამბობს ხორხე
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ალექს ვოლკანოვსკიმ რევანში ოქტაგონიდანვე მოითხოვა. ილიას კი, კონორ მაკგრეგორთან ჩხუბი სურს. კლიმენტს ავსტრალიელთან შესაძლო რემატჩზეც ჰკითხეს.
სიმართლე გითხრათ, არ მგონია რევანში შედგეს. ვფიქრობ, ვოლკანოვსკი იმსახურებს რევანშს, იმ ყველაფრის გამო რაც ამ სპორტისთვის გაუკეთებია. მე რომ მისი მეგობარი ან გუნდის წევრი ვიყო, ვეტყოდი რომ ცოტა დაისვენოს, ძალები აღიდგინოს, ერთი ბრძოლა ჩაატაროს და ილიასთან ბრძოლაზე ფიქრო შემდეგ დაიწყოს. - განაცხადა ილიას მთავარმა მწვრთნელმა
ილიას სავარაუდო მეტოქედ არაერთი მებრძოლი დასახელდა: კონორ მაკგრეგორი, ბრაიან ორტეგა, იაირ როდრიგესი, ისლამ მახაჩევი. თუმცა, ზუსტი ინფორმაცია არავის შესახებ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ თავად ილიასთვის საოცნებო მეტოქე ხაბიბ ნურმაგომედოვია. ბუნებრივია, რომ ხორხე კლიმენტს თოფურიას მომავალ მეტოქეზეც ჰკითხეს.
ჯერჯერობით, ახალ მეტოქეზე ილიასთან არ მისაუბრია. როგორც მწვრთნელი ვთვლი ყოველთვის დიდი გამოწვევები უნდა მიიღო, რომ მემკვიდრეობაც დატოვო. მე პირადად მახაჩევთან ჩხუბი ძალიან მხიბლავს. - თქვა ხორხე კლიმენტმა