"მათ სურთ, რომ დარბაზში თურქები არ მოვიდნენ" - ატამანმა FIBA-ს შეუტია
"ევრობასკეტი 2022"-ზე A და B ჯგუფები ოფიციალურად დასრულდა. FIBA-მ კი 10 სექტემბერს უკვე ჩანიშნა 1/8 ფინალური მატჩები, რომელსაც გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.
1/8 ფინალური მატჩები თურქეთისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებით დაიწყება. მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.
თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და "ანადოლუ ეფესის" მთავარმა მწვრთნელმა - ერგინ ატამანმა, FIBA-ს მიმართ კვლავ პრეტენზია გამოთქვა. ამჯერად პრეტენზიის მიზეზი 1/8-ფინალურ ეტაპზე თურქეთი-საფრანგეთის მატჩის დაწყების დრო იყო.
„ბერლინში, საფრანგეთთან თამაშის დაწყების დრო (12:00 - ბერლინის დროით) ჩვენს მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობაა. ვფიქრობთ, რომ ამის მიზანი ჩვენი გულშემატკივრის დარბაზში არ/ვერ მოსვლაა, თუმცა, მე მაინც მჯერა, რომ გერმანიაში მცხოვრები თურქი გულშემატკივრები მსხვერპლს გაიღებენ და ტრიბუნებს დროშებით გადაავსებენ". - ატამანი.
A ჯგუფში თურქეთმა ესპანეთთან წააგო და პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა, B ჯგუფში კი მესამე ადგილზე საფრანგეთის ნაკრები გავიდა, რის გამოც ისინი პლეი-ოფში ერთმანეთს შეხვდებიან.