მამუ, გოგა და შერმინატორი: საქართველო გადაწყობას დიდი სამეულით შეეცდება
ევრობასკეტის პირველი სადავო ბურთის აგდებამდე საათები რჩება, ტურნირი თბილისში, ესპანეთისა და ბულგარეთის მატჩით გაიხსნება, 21:00 საათზე კი ახალი სპორტის სასახლე საქართველოს საგულშემატკივროდ აგუგუნდება, თორნიკე შენგელიას დანაკლისის შემდეგ ყველანი დიდი იმედით შევყურებთ NBA-ს დუეტს, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილი შემადგენლობით, რასაც აუცილებლად უნდა დავამატოთ გამოცდილი გიორგი შერმადინი, რომელიც ყოველთვის და ყველგან ეროვნული ნაკრების სადარაჯოზე იყო, და გვჯერა, არც ამჯერად გაგვიცრუებს იმედს. სწორედ ამ სამეულს მიუძღვნა ვრცელი სტატია ევრობასკეტის ოფიციალურმა ვებსაიტმა, რომელსაც აქვე გთავაზობთ
" გოგა ბითაძესა და სანდრო მამუკელაშვილს რომ ჰკითხოთ პერიმეტრიდან მათი წარმატებული თამაშის შესახებ ორივე ახსენებს თავიანთ ქართველ მწვრთნელებს, რომლებმაც ისინი ბავშვობაში არ შეზღუდეს მხოლოდ სამწამიანში თამაშით.
"მახსენდება ტურნირი თურქეთში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბიჭი ვიყავი, მაგრამ ყველა შეტევისას მე ამომქონდა ბურთი რადგან ჩვენი მწვრთნელი ძალიან გაბრაზებული იყო გამთამაშებელზე" - იხსენებს მამუკელაშვილი.
ახლა ეს უნარები საქართველოსთვის ძალიან გამოსადეგი გახდება, რადგან გუნდი კაპიტნის ტრავმის შემდეგ უნდა გადასხვაფერდეს.
შემადგენლობის ერთ-ერთი გადაწყვეტა შესაძლებელია გახდეს სისტემა, სადაც სამი, 211 სმ-ზე მაღალი კალათბურთელი ითამაშებს. სანდრო მამუკელაშვილი ამ წყობაში მსუბუქ ფორვარდად იქნება, გოგა ბითაძე მძიმე ფორვარდის ფუნქციებს შეასრულებს, ხოლო ცენტრი ტრადიციულად გიორგი შერმადინი იქნება. გამოცდილ ილიას ზუროსს ეს წყობა ისედაც ჰქონდა მარაგში, თუმცა შენგელიას ტრავმის შემდეგ ეს სასტარტო კომბინაცია გახდება.
"ვეცდებით სამი მაღლით მაქსიმუმი გამოვადნოთ, პრობლემები იქნება, მაგრამ ეს ასევე უპირატესობაცაა" - აცხადებს ზუროსი
შენგელიას ტრავმის შემდეგ, ნაკრების ზოგიერთი წევრი ტიროდა, მდგომარეობა მენტალურადაც და ტაქტიკურადაც დამძიმდა, საქართველო ხომ მის გამოყენებას მთავარ მექულედ აპირებდა.
"ის ჩვენს შეტევას აორგანიზებდა, როგორც ფარქვეშ, ასევე პერიმეტრიდანაც, ახლა თამაშის შეცვლა მოგვიწევს, ვცდილობთ გავიგოთ რა არის ჩვენთვის უმჯობესი, ამისთვის რამდენიმე დღე გვაქვს" - გვიხსნის ზუროსი
რა თქმა უნდა დიდ სამეულს ამ გეგმის ასამუშავებლად საჭირო უნარები გააჩნიათ. 213 სანტიმეტრიანი გოგა ბითაძე შესაძლოა ყველაზე მაღალი მძიმე ფორვარდი იყოს ამ ევრობასკეტზე.
"მწვრთნელი მანამდე მათამაშებდა ოთხ ნომერზე სანამ თოკო დაშავდებოდა, ამიტომ მენტალურად მზად ვარ. მე და გიო შერმადინს აქამდეც გვითამაშია ერთად. მასთან თამაში, მისი დიდი გამოცდილების გამო მარტივია." - ამბობს გოგა
"თავს შესანიშნავად ვგრძნობ, როდესაც ასე ვთამაშობთ. კალათი დაცულია, მეტოქისთვის შეტევითი მოხსნები ძალიან რთული ხდება" - შერმადინი დაცვით უპირატესობებზე მიგვანიშნებს
33 წლის ვეტერანისთვის მთავარი მხოლოდ პარკეტი არ იქნება. გიომ შენგელიასგან კაპიტნობა გადაიბარა და ამით კიდევ ერთი ლეგენდარული ქართველი "მაღლის" ზაზა ფაჩულიას ტრადიციას აგრძელებს.
"მე მისგან უამრავი რამ ვისწავლე. როდესაც ახალგაზრდები ნაკრებში მოდიან, მე ვცდილობ ყველაფრით დავეხმარო. მათ თავი სახლში უნდა იგრძნონ" - ამბობს შერმადინი
მდგომარეობა ოდნავ რთულია სანდრო მამუკელაშვილისთვის, რომელიც "მილოუკიში" "დიდი ბიჭის" ფუნქციებს ასრულებს. ახლა თქვენ მას ფრთაზე ნახავთ, როდესაც საქართველო პიკ-ენ-როლს გაითამაშებს.
ნათელი ხდება რომ სამ მაღალთან ერთად საქართველოს ორი მოთამაშე ეყოლება, რომლებიც ბურთთან "შენობით" იქნებიან. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, იტალიასთან ძირითად ხუთეულში თად მაკფადენი და გიორგი ცინცაძე გამოჩნდნენ, რომელიც ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები მატჩებით რეკორდსმენია.
"ჩვენ ვეცდებით იმდენი ბურთი მოვხსნათ რამდენსაც შევძლებთ და ბურთი სწრაფად ავიტანოთ წინ. შესანიშნავი მცველები გვყავს, რომლებსაც გათამაშება, "მაღლის" მოძებნა ან თუნდაც შედეგიანი სროლა შეუძლიათ" - მამუკელაშვილი აქაც გუნდურობაზე მიანიშნებს
საბოლოო ჯამში სამივე მაღლისთვის გასაგებია, რომ ისინი სერიოზული ძალა არიან ფართან.
მასპინძლისთვის, რომელიც ევრობასკეტს ბელგიასთან მატჩით ხსნის, მიზანი უცვლელია - შემდეგ ეტაპზე გასვლა.
გუნდი დარწმუნებულია გულშემატკივარში. გუნდური სული მოწოდების სიმაღლეზეა და ისინი პარკეტზე ყველაფერს დადებენ.
"ვიცით რომ თოკოს გარეშე გაგვიჭირდება. მაგრამ ეს საშინაო მოედანია, და ამიტომ კარგი შედეგი მიზანი არაა, ეს მოვალეობაა. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ! მე ამას ასე ვუყურებ" - ამბობს ბითაძე