Live.ge-დან belive-მდე: სპორტულმა მედია პლატფორმამ რებრენდინგი განიცადა
belive - ახალი სიტყვა ქართულ სპორტულ მედია სამყაროში, რომელიც გულშემატკივარს ძალიან ბევრ სიახლეს ჰპირდება.
სპორტულმა მედია პორტალმა Live.ge-იმ რებრენდინგი განიცადა და belive-ის სახით, მომხმარებელს ახალ, გაუმჯობესებულ გამოცდილებას სთავაზობს. მედია პლატფორმა, რომელიც თანამედროვე ვებგვერდსა და ყველა პოპულარულ სოციალურ ქსელს მოიცავს, ქართულ და საერთაშორისო სპორტთან დაკავშირებულ ყველა მიმდინარე და აქტუალურ სიახლეს გააერთიანებს.
უწყვეტ რეჟიმში, როგორც წერილობით, ასევე მულტიმედია ფორმით, belive-ის მომხმარებელი უახლეს სპორტულ ინფორმაციას გაეცნობა, ასევე იხილავს სიუჟეტებს, ექსკლუზიურ ინტერვიუებსა და ანალიზს. პარალელურად, პლატფორმა თითოეული სოციალური ქსელისთვის განკუთვნილ, ორიგინალურ კონტენტს შექმნის, რომელიც როგორც გულშემატკივრის სპორტსმენებთან დაახლოებას, ასევე სპორტთან დაკავშირებული ზოგადი ცოდნის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
რაგბის კავშირთან, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციებთან გაფორმებული მედია პარტნიორობის ფარგლებში, belive-ის ფოკუსი აღნიშნული სპორტებისადმი იქნება მიპყრობილი, თუმცა პარალელურად, კომპანია ფეხბურთის, კალათბურთის, საბრძოლო ხელოვნებისა და სპორტის სხვა აქტუალური მიმართულების ერთგულ გულშემატკივრად და გამშუქებლად რჩება, რაც იმას ნიშნავს, belive მომხმარებელს ფართო ინფორმაციულ არჩევანს შესთავაზებს.
„ყველგან სადაც სპორტია“ - ამ სლოგანით, „ბილაივის“ გამოცდილი ჟურნალისტებისა და შემოქმედებითი გუნდის თითოეული წევრი მედიატორის როლს მოირგებს, რათა გულშემატკივარი სპორტულ პულსაციას არცერთი წამით ჩამორჩეს. მნიშვნელობა არ აქვს როდის და სად გაიმართება სპორტული ღონისძიება თუ ტურნირი: belive თქვენთვის უწყვეტად იმუშავებს.