Belive

ლაზიერის გამბიტის ეფექტი: The Washington Post-მა ქართველ ქალ მოჭადრაკეებს ვრცელი სტატია მიუძღვნა

3 წლის წინ სხვა
8 წთ
"ლაზიერის გამბიტს" (The Queen's Gambit) უყურეთ? თუ არა, გირჩევთ, ახლავე ჩართოთ Netflix-ის ახალი მინი-სერიალი, რომელიც გამოგონილი მოჭადრაკის, ბეტ ჰარმონის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მეტსაც გეტყვით: სერიალი იმდენად პოპულარული გახდა, რომ Google-ის საძიებო სისტემის სტატისტიკის თანახმად, ჭადრაკის სწავლის მსურველთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. სერიალი ჩვენთვის იმ კუთხითაცაა საინტერესო, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში, საუბარი ნონა გაფრინდაშვილის მიღწევებს შეეხება და თუკი ბოლო პერიოდში, საერთაშორისო გამოცემებში დაწერილი სტატიების რაოდენობას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ლაზიერის გამბიტმა" ქართული საჭადრაკო ისტორია მსოფლიოსთვის აქტუალური გახადა. ამჯერად, ქართველ ქალ მოჭადრაკეებზე The Washington Post-ში ისაუბრეს. ინა ლაზარევას სტატიაში ქართველი ქალი მოჭადრაკეების მიღწევებები და ახალი თაობის პერსპექტივებია განხილული.
იისფრად შეღებილ ოთახში 17 წლის კატო ფიფია თავის კომპიუტერთან ზის და მეტოქეებს ამარცხებს. ოთახის კედლებზე ლეგენდარული ბობი ფიშერის ფოტოს, ასევე არიანა გრანდესა და "სამეფო კარის თამაშების" პოსტერებს ვხედავთ. ოქტომბერში ფიფია მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, რომელშიც მონაწილეობას 37 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა. მისი მორიგი მიზანი? "საერთაშორისო დიდოსტატი მინდა გავხდე", - ამბობს ის. ათწლეულების განმავლობაში, პატარა საქართველო გლობალურ საჭადრაკო დაფაზე მაქსიმუმზე მაღალ შედეგს აჩვენებდა. ცივი ომის ეპოქაში, ქართველ ქალებს შორის, ეს გზა პირველად ნონა გაფრინდაშვილმა გაკაფა. გაფრინდაშვილსა და ბეტ ჰარმორს შორის კი, პარალელის გავლება შეიძლება.

1978 წელს, ისტორიაში პირველად, ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის დიდოსტატი გახდა (უმაღლესი ტიტული საჭადრაკო სამყაროში). 79 წლის ასაკში, ის ტურნირებზე კვლავ ასპარეზობს - 2019 წლის ნოემბერში, გაფრინდაშვილმა 65 წელს გადაცილებულ ქალ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის, მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა. გაფრინდაშვილი მისაბაძი მაგალითია ახალი თაობის ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებსაც ჩემპიონობამ, შესაძლოა, საქართველოში ვარსკვლავის სტატუსი მოუტანოს.

"ის ნამდვილი ლეგენდაა", - ამბობს ფიფია. ნონა გაფრინდაშვილმა გაიხსენა, თუ როგორ მოუტანა დიდოსტატის ტიტულმა მას საბჭოთა კავშირში პოპულარობა. მოსკოვიდან თბილისში მატარებლით მიმავალს, გაფრინდაშვილს თითოეულ გაჩერებაზე გულშემატკივარი ხვდებოდა. "იმდენი ხალხი იყო, რომ მამაჩემმა ფეხსაცმელი დაკარგა", - იხსენებს გაფრინდაშვილი, რომელიც თბილისში, საბჭოთა ხელისუფლების მიერ ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობს. "ნონა იყო პირველი ქალი, რომელმაც ქალთა ჭადრაკი მამაკაცთა დონეს გაუთანაბრა. ეს მარსზე ან იუპიტერზე დაშვებას ჰგავდა და იმ დრომდე, წარმოუდგენელი იყო", - იხსენებს იუგოსლავიის სახელით მოასპარეზე მოჭადრაკე და ჟურნალისტი, მილუნკა ლაზარევიჩი.



გაფრინდაშვილის წარმატება მისაბაძი მაგალითი გახდა არაერთი გამოჩენილი მოთამაშეშისთვის. მათ შორისაა ნანა ალექსანდრია, რომელიც 20 წლამდე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა და 1976 წელს, ქალთა შორის დიდოსტატის წოდება მიიღო. კიდევ ერთი გამოჩენილი მოჭადრაკის, მაია ჩიბურდანიძის, კუმირი ნონა გაფრინდაშვილი იყო - დიდოსტატის დამარცხება ჩიბურდანიძემ მხოლოდ ერთხელ, 1978 წელს შეძლო, როდესაც მან ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ტიტული 13 წლის განმავლობაში არ დაუთმია.

გაფრინდაშვილის შემდეგ, ჩიბურდანიძე გახდა ისტორიაში მეორე ქალი მოჭადრაკე, რომელმაც დოდისტატის ტიტული მიიღო (დღემდე ანალოგიურის მიღწევა 37-მა ქალმა მოჭადრაკემ შეძლო, 6 მათგანი კი ქართველია). "ჭადრაკის თამაში ჩვენს სისხლში დევს", - ამბობს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელი, სოფო ნიკოლაძე.





ნიკოლაძის შეფასებით, ქართველი ქალები ჭადრაკის სტრატეგიულ მოთხოვნებს იდეალურად შეესაბამებიან. ამის არგუმენტად მას საქართველოს ისტორია მოჰყავს, რომელიც მტერთან მუდმივ ბრძოლას ასახავს.

"ქალებს მამაკაცებთან ერთად, ბრძოლა და შრომა უწევდათ. ეს ჩვენი ხასიათის ნაწილია, რომელიც, ჩემი აზრით, თაობიდან თაობას გადაეცემა", - ამბობს ნიკოლაძე, რომელიც საერთაშორისო ოსტატის ტიტულის მფლობელია.

საქართველოს ყველაზე წარმატებული მმართველი, რომლის სახელიც "ოქროს ხანას" უკავშირდება (XII საუკუნე), ქალი იყო - თამარი, რომელიც მეფის წოდებას ატარებდა.

წარსულში, საქართველოში იყო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, პატარძალს მზითევში ჭადრაკს ატანდნენ.

ცივი ომის ეპოქაში, ჭადრაკი გეოპოლიტიკური სიმბოლიზმის მატარებელი იყო, რომელმაც პიკს 1972 წელს მიაღწია: მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, ამერიკელმა ბობი ფიშერმა რუსი ბორის სპასკი დაამარცხა.

საბჭოთა კავშირში, არარუსი მოთამაშეების მიმართ, დისკრიმინაციული მიდგომა არსებობდა. "კომუნისტები არ იყვნენ მოხარულები იმ ფაქტით, რომ ქალთა ნაკრები მთლიანად ქართველებით იყო დაკომპლექტებული", - აღნიშნავს ნანა ალექსანდრია.

1978 წელს, ქართველებით დაკომპლექტებული ქალთა ნაკრები ბუენოს აირესში გასამართ ჭადრაკის ოლიმპიადაზე გასამგზავრებლად ემზადებოდა, ამ დროს კი საქმეში კრემლი ჩაერია.



“გაფრენამდე ერთი საათით ადრე, ნაკრებში მყოფი ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ნანა იოსელიანი, რუსი მოთამაშით ჩაანაცვლეს. ასეთი რამ გაფრენამდე 1 საათით ადრე არ წყდება", - ამბობს ალექსანდრია.

ანალოგიური რამის გაკეთება 1980 წელს, მალტის ოლიმპიადაზეც იყო დაგეგმილი.

"თუმცა საქართველოს სპორტის მინისტრი სასწრაფოდ მოსკოვში გაფრინდა და გუნდის შემადგენლობა უცვლელი დარჩა", - დაამატა მან.

საქართველოში დაბრუნებული მოჭადრაკეები ვარსკვლავებად, ცნობილ სახეებად იქცნენ.

"80-იან და 90-იან წლებში, მოჭადრაკეების პატივისცემით, თითქმის ყველა ახალდაბადებულ გოგოს ნონას, მაიას ან ნანას არქმევდნენ", - განმარტავს ნანა ძაგნიძე, რომელსაც მამამ სახლი ნანა ალექსანდრიას საპატივცემულოდ დაარქვა. ძაგნიძემ დიდოსტატის ტიტული 2008 წელს მიიღო.

დღევანდელ ეპოქაში, საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირებზე, საქართველოს, ქალთა ახალი თაობა წარადგენს. მათი ნაწილი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რთულ ყოფაში გაიზარდა, სადაც ადამიანებს 4-საათიანი ელექტროენერგიის, კრიმინალური გარემოს, საკვების დეფიციტისა და სამოქალაქო ომის გარემოში უწევდათ ცხოვრება.

"წიგნებს სანთლის შუქზე ვკითხულობდი", - ამბობს 33 წლის ნინო ბაციაშვილი, რომელიც საქართველოს 3-გზის ჩემპიონი და ბოლო ქართველი მოჭადრაკე ქალია, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო.



საბჭოთა კავშირის პერიოდისგან განსხვავებით, იმდროინდელ მოჭადრაკეებს სახელმწიფოსგან დახმარება არ ჰქონდათ. "როდესაც 18 წლის ასაკში, ტურნირზე სათამაშოდ მივემგზავრებოდი, ბარგით წიგნები მიმქონდა, სხვები კი ანალიზისთვის კომპიუტერებს იყენებდნენ", - ამბობს ბაციაშვილი.

მიმდინარე წელს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მოთამაშეებს მგზავრობა აღარ შეუძლიათ.

"ჭადრაკის მოთამაშის ცხოვრებაში მთავარი ტურნირების მოგებაა, წელს კი სულ 2 ტურნირი ჩატარდა. ეს კი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ცხოვრებისთვის გვეყოს", - აღნიშნავს ნინო ხომერიკი, რომელმაც ქალთა შორის დიდოსტატის წოდება 2019 წელს მიიღო.

პანდემიის პირობებში, ერთ დროს მაყურებლებით გადავსებული ჭადრაკის სასახლის კედლები სიჩუმითაა სავსე, კედლებზე გამოფენილი ვარსკვლავების ფოტოებს კი მტვერი ედება.

ნონა გაფრინდაშვილი იმედოვნებს, რომ მდგომარეობა მალე შეიცვლება. "ჩემთვის ჭადრაკი ჩემი ცხოვრებაა. აქ არ არსებობს ეროვნება, ეს არის ადამიანთა შეხვედრის ადგილი. ჭადრაკი იძლევა ისეთ ენერგიას, რომელიც ირგვლივ ყველაფერს გავიწყებს", - აღნიშნა დიდოსტატმა.

სხვა სტატიები