Belive

"ლაშა "დიდი" ტალახაძე - მას საკუთარი ლიგა აქვს, როგორც მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მამაკაცს" - yahoo sports

2 თვის წინ სხვა
5 წთ

ლაშა ტალახაძეზე ბევრი დაიწერა, ბევრიც ითქვა, მის შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, მათ შორის ისიც რომ მისი სახელი მსოფლიო სპორტის ისტორიაში მუდამ იქნება.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ერთ-ერთი გამორჩეულია მათ შორის, ვისაც საქართველოს სახელი ზურგით უტარებია და ყველაზე მაღლაც აუტანია.

Yahoo sports ერთ-ერთი იყო, რომელიც პარიზიდან ოლიმპიური თამაშების ამბებს აშუქებდა, ჯეიმს ტოუნიმ კი ლაშას ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ლაშამ პარიზში მესამე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა

ძველი ბერძენი ძალოსანი ბიბონი იმით შევიდა ისტორიაში რომ მან 150 კილოგრამიანი ქვა ასწია, მილო კროტონელი ცნობილი იმით გახდა, რომ მოზრდილი ძროხა რამდენიმე კვირის განმავლობაში ატარა კისრით გორაკზე, ახლა კი ჩვენ ლაშა ტალახაძე გვყავს

ტალახაძე აღნიშნავს, რომ მას არ ახსოვს როგორია მარცხი, ისევე როგორც მის მოწინააღმდეგეებს არ უგრძვნიათ გამარჯვების გემო. როდესაც ოლიმპიადაზე საქმე მძიმე წონაზე მიდგება, აქ ტალახაძე უბრალოდ უკონკურენტოა.

კიდევ ერთი ბრწყინვალე გამოსვლით მსოფლიოს უძლიერესმა მამაკაცმა მესამე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, რითიც დაუმარცხებელი სერია 9 წლამდე გაზარდა.

თითქმის 2-მეტრიანმა ტალახაძემ, რომელიც 180 კილოგრამამდე იწონის, მეორე ადგილზე გასულ ვარაზდატ ლალაიანს შანსი არ დაუტოვა.

ცრემლი ძალოსნობაში უცხო არაა. თან რაც უფრო დიდია წონა, მით უფრო ემოციურები არიან ძალოსნები.

ეს ყველაზე ღირებული მედალია ჩემს კარიერაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში. ეს მომენტი ძალიან ემოციურია, ყველაზე რთული ტურნირი მქონდა კარიერაში, რადგან ოლიმპიადამდე ტრავმები მაწუხებდა, არ ვიცოდი თუ შევძლებდი, მაგრამ მე ამის მჯეროდა. ახლა მომენტით უნდა ვისიამოვნო, შემდეგ კი თუ ფიზიკურად შევძლებ აუცილებლად განვაგრძობ კარიერას. ჩემი უდიდესი სურვილი იყო მესამე ოქრო, ახლა კი უკვე მეოთხეზე ვფიქრობ. - აღნიშნა ტალახაძემ

3 წლის წინ, ტოკიოში ტალახაძემ ოლიმპიური რეკორდი "დაანგრია" - 488 კილო ასწია და აკვრასა და ატაცში მიუწვდომელი გახდა.

პარიზში ტალახაძემ პირველად გააფუჭა ოლიმპიადაზე ცდა, ჩემს წინ, მაგიდაზე ქართველი ჟურნალისტი იჯდა, რომელსაც შოკისგან თავი ხელებში რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდა ჩარგული.

ორჭიდის ჯამში ლაშამ 470 კგ ასწია

საბოლოოდ, აკვრისა და ატაცის ჯამში ლაშამ 470 კილოგრამს მოუყარა თავი და უახლოეს მეტოქეს 3 კილოგრამით გაუსწრო. ეს უფრო ცოტა იყო ვიდრე ტოკიოში, მაგრამ საკმარისი გვირგვინის ქართულ თავზე კიდევ ერთხელ დასადგამად.

ძალოსნობა მათემატიკური სპორტია, განსაკუთრებით თუ იმ ქვეყნიდან უყურებ, სადაც უყვართ კილოგრამების შაქრის ტომრების რაოდენობით დათვლა.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტალახაძემ ჰიპოპოტამის მეათედი ასწია, ან 150 აგური, 6714 კროასანი, 2473 ფრანგული სენდვიჩი.

მისი წაუგებელი სერია ახლა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდეა გადაჭიმული, იქ რუსმა ალექსეი ლოვჩევმა იჩემპიონა, თუმცა დოპინგზე ჩავარდნის შემდეგ ოქრო ტალახაძეს გადაეცა.

და სწორედ ესაა ძალოსნობის პრობლემა, დანახვა დაჯერებაა, თუმცა აქ ყოველთვის ასე არაა.

სამი წლის წინ ტალახაძე გერმანული ტელევიზიის დოკუმენტური ფილმის "საიდუმლო დოპინგი - ძალოსნების მბრძანებელი" მთავარი გმირი იყო, სადაც ამტკიცებდნენ, რომ მას შეჯიბრის შემდეგ არ ტესტავდნენ - ბრალდება საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ უარყო.

ტალახაძემ ოლიმპიური ოქროს მედლები რიოში, ტოკიოსა და პარიზში მოიპოვა

ათწლიან პერიოდში 2019 წლამდე 565 ძალოსანი ჩავარდა დოპინგზე, მათ შორის ტალახაძე, რომლისთვისაც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი იყო ორწლიანი უქმობის შემდეგ, რაც თინეიჯერულ ასაკში აკრძალული სტეროიდების მიღებამ და ამის საფუძველზე დისკვალიფიკაციამ გამოიწვია.

ძალოსნობას საკმარისზე მეტი გაფრთხილება ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან რომ სადოპინგო სკანდალებისთვის ბოლო მოეღო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სპორტი სატელევიზიო და ბილეთების გაყიდვებში ერთ-ერთი მოწინავეა.

ახალი გამოკვლევებისა და ტესტების შედეგად, ოცდაათმა ძალოსანმა, რომლებიც პეკინსა და ლონდონში პოდიუმზე იდგნენ, დისკვალიფიკაცია მიიღეს და მედლები დაკარგეს.

ძალოსნობა, კრივთან ერთად, ოლიმპიური თამაშების "პრობლემური ბავშვია", ამ სპორტმა 2028 წლის ოლიმპიადაზე ლიცენზია მხოლოდ ძირეული სამენეჯერო ცვლილებების შემდეგ მიიღო, პარიზში კი რიო დე ჟანეიროსთან შედარებით ათლეტების რაოდენობა განახევრებული იყო.

თუმცა, როგორც სანახაობა, ძალოსნობა სპორტის საუკეთესო სპექტაკლია

უყურებ სპორტსმენის თითოეულ მოძრაობას, დუღილის ტემპერატურა იწევს, პულსი აჩქარებულია, შემდეგ უეცარი აფეთქება და მძიმე წონა სპორტსმენის თავს ზევით აღმოჩნდება - ეს ნამდვილად სუნთქვისშემკვრელია.

აქ უმნიშვნელოვანესია გონებრივი სიმტკიცე, საკუთარი თავის რწმენა და დაჯერება იმისა, რომ ყველაზე გამანადგურებელი ტვირთიც კი შეიძლება გადაილახოს.

და ახლა არავინაა ტალახაძეზე უკეთესი - გენიოსი, პრობლემურ სპორტში.

სხვა სტატიები