ბოლო წლების განმავლობაში, "დინამო თბილისის" ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი ხოსე პერალესი იყო, რომელიც 2019 წელს ეროვნული ლიგის გამარჯვებული და საუკეთესო მეკარე გახდა. ჩისკო მუნიოსის ფორმაციის "დინამოში" ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ესაპნელი გოლკიპერი იყო, რომელიც საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს 2020 წლის ზაფხულში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ დაემშვიდობა და სამშობლოში დაბრუნდა. 28 წლის ფეხბურთელი ამჟამად ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის ბინადარ "სან ფერნანდოს" კარს იცავს და მიზნად ამ გუნდთან ერთად ლა ლიგა 2-ში ამოსვლას ისახავს.
როგორც შევიტყვეთ, პერალესი თავის ყოფილ თანაგუნდელს და კოლეგას, გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიაში" ადაპტაციის პროცესში ეხმარება და ხშირი საუბრის დროს ბევრ რჩევას აძლევს. Live.ge ხოსე პერალესს ესპანეთში დაუკავშირდა და როგორც 20 წლის ქართველი ტალანტის, ისე მისი პირადი კარიერის და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
მოგესალმები ხოსე, პირველ რიგში, მაინტერესებს როგორ გრძნობ თავს კორონავირუსის პანდემიის პირობებში და როგორ მიდის შენი კარიერა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ?
თავს კარგად ვგრძნობ. კოვიდ-პანდემიის დაწყების შემდეგ ესპანეთში დავბრუნდი, "სან ფერნანდოში" 2-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. შემდეგ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ განაახლა ჩემპიონატების ფორმატი და ჩვენი გუნდი ახლადშექმნილ დივიზიონში დაწინაურდა.
ამჟამად ჩემპიონატის დაწყებას ველოდებით და ვმუშაობთ ახალი გამოწვევების მისაღებად.
"დინამოდან" შენი წასვლის შემდეგ გუნდს წარუმატებელი ევრო-კამპანია გამოუვიდა. 2021/22 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ბაქოს "ნეფთჩისთან" მარცხისას შენი კოლეგის და ყოფილი თანაგუნდელის, როინ კვასხვაძის შეცდომები თვალსაჩინო იყო. როგორც მეკარეს, რა შეგიძლია თქვა ამ ეპიზოდებზე?
მეკარე ფეხბურთში ყველაზე რთული პოზიცია, როდესაც ჩვენ ვუშვებთ შეცდომას, აღარავის შეუძლია დაგვეხმაროს. როინს არ გაუმართლა ამ მატჩებში, მაგრამ ის არის დიდი მეკარე კარგი კარიერით.
ახლა ის ახალ გუნდში ირიცხება და დარწმუნებული ვარ, რომ ის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება "ტორპედოსთვის", მათ მიერ დაწყებულ ახალ პროექტში.
შენი ყოფილი თანაგუნდელი და კოლეგა, გიორგი მამარდაშვილი შენს სამშობლოში თამაშობს და მისმა სადებიუტო მატჩმა ქართველ და ესპანელ გულშემატკივარში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. თავად რას ფიქრობ მასზე და მის მომავალზე. როგორც ვიცი, გიორგისთან ხშირი კომუნიკაცია გაქვს, რამდენად ეხმარება მას შენი რჩევები? როგორია მეკარისთვის ესპანურ ფეხბურთთან ადაპტირების პროცესი?
მამარდა, (მას ასე მივმართავ) გასაოცარ საქმეს აკეთებს. ის ყოველდღიურად მუშაობს და მას ბრწყინვალე პირველი თამაში ჰქონდა "ვალენსიას" შემადგენლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგ ფორმაშია და გააგრძელებს ლა ლიგის შეხვედრებში თამაშს, მაგრამ ნორმალური იქნება, თუ მთელი სეზონის განმავლობაში "ვალენსიას" მთავარი მეკარე სილესენი იქნება.
მამარდას გაუმართლა, რომ მისნაირ მეკარესთან მუშაობა უწევს და ამით დიდი გამოცდილებას იღებს. რადგან მას შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს იასპერისგან.
ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ მამარდა ორ წელიწადში დიდი გუნდის პირველი მეკარე იქნება.
მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რა რეალობაშიც ახლა მამარდა ცხოვრობს. ვცდილობ დავეხმარო მას ყველაფერში. მან ესპანური ენა რაც შეიძლება მალე უნდა ისწავლოს, რომ პროფესიონალურად გაიზარდოს. ის ესპანურის გაკვეთილებს გადის მასწავლებელთან ერთად. სახალისოა, ხოლმე როდესაც ის რაღაცას მწერს ჩემს ენაზე.
ამ მომენტში ყველა ეიფორიაშია მისი თამაშის გამო და ამბობს, რომ ის არის საუკეთესო მეკარე მსოფლიოში. ეს მისთვის კარგი არ არის, რადგან მას შრომის გაგრძელება სჭირდება და ის პროფესიონალურ ფეხბურთს მხოლოდ იწყებს.
ფეხბურთი შეიძლება შეიცვალოს ერთ წუთში, ახლა ის სწორ გზაზეა, მაგრამ ხალხმა უნდა შეძლოს და მას ისეთი პირობები შეუქმნას, რომ არაფერზე იფიქროს გარდა შემდეგი მატჩისას.
მას აქვს თავმდაბლობა და მის უკან დიდი ოჯახი დგას, რომელიც ყველაფერში მხარს უჭერს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
"დინამო თბილისს" ახალი მეკარე ჰყავს - ესპანელი ანდრეას პრიეტო. ალბათ, თბილისში ჩამოსვლამდე მან რჩევა გკითხა. როგორ ფიქრობ, როგორი იქნება მისი და "დინამოს" თანამშრომლობა?
ბოლო დღეების განმავლობაში, მე ანდრესთან ვისაუბრე და ის ძალიან ბედნიერია, "დინამოში" გადმოსვლით.
ის ადრე კარგ გუნდებში იყო, მაგრამ ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია. რა თქმა უნდა, "დინამოში" მას ექნება საშუალება აჩვენოს თავისი რეალური დონე და ჩემი აზრით, მას ძალიან კარგად შეუძლია "დინამოს" დახმარება. ძალიან გამიხარდება, თუ ანდრესი და "დინამო" ერთად დიდ წარმატებას მიაღწევენ.
მას მერე, რაც "დინამომ" ახალი მეკარის მოძიება დაიწყო, დაბრუნების თაობაზე თბილისური კლუბიდან ხომ არ დაგკავშირებიან? სამომავლოდ, საქართველოში ისევ თამაშზე რა აზრის ხარ?
აქ კონტრაქტი 2022 წლამდე მაქვს და ვნახოთ რა მოხდება შემდეგ. ჩემი მიზანი, ყველა თამაშის მოგებაა და ამიტომაც ყოველთვის ღია ვარ იმ კლუბებისთვის, რომლებსაც აქვთ გამარჯვების სურვილი. მე ბედნიერი ვიყავი საქართველოში და არავინ იცის რა მოხდება მომავალში... რატომაც არა?
ბოლო თვეების განმავლობაში, ეროვნული ლიგის წარმომადგენელი ორი კლუბი დამიკავშირდა, მაგრამ ეს ჩემი ქვეყნიდან წასვლისთვის სწორი მომენტი არ იყო.
ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივრებს, იმისთვის, რომ ყოველთვის ვახსოვარ და ბევრ შეტყობინებას ვიღებ მთელი ამ დროის განმავლობაში. ვუსურვებ მათ იყვნენ ჯანმრთელები და უსაფრთხოდ COVID19-ის პანდემიის პირობებში. იმედია ეს ამ ვირუსის ბოლო ფაზა იქნება, მახსოვხართ და მენატრებით.