ჯარჯი ზვიადაური და რუსტამ ორუჯოვი - საუდის არაბეთი ძიუდოს გაძლიერებას იწყებს
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საუდის არაბეთმა სპორტულ ასპარეზზე დიდი გეგმები დაისახა - კერძოდ, მათ ძალიან გააძლიერეს საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც მსოფლიოს ვარსკვლავები მიიწვიეს და უდიდესი თანხა ჩადეს იმისათვის, რომ ქვეყანაში ფეხბურთი და არამარტო, ძალიან განვითარდეს.
ერთ-ერთი ასეთი განვითარების გეგმაც დასახეს ძიუდოშიც, სადაც 2025 წლის თებერვლიდან საქმეს უკვე ჯარჯი ზვიადაური (ილიას ილიადისი) და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, აზერბაიჯანელი - რუსტამ ორუჯოვი შეუდგნენ.
ძიუდოს სამყაროში ცოტა თუ იმსახურებს ისეთივე პატივისცემას, როგორც ილიას ილიადისი. ლეგენდა, რომელმაც 2004 წელს ათენში, სადაც სულ რაღაც 17 წლის ასაკში ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძიუდოში. ჯარჯი ზვიადაური მეომრის სულისკვეთებას განასახიერებდა. საქართველოში დაბადებული ჯარჯი ზვიადაურის სახელით და თანამემამულე ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილით, მან ამაყი საბრძოლო მემკვიდრეობის ტვირთი ატარა და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში სპორტის რეკორდების წიგნები გადაწერა.
კარიერის დასრულების შემდეგ, ძიუდოს ერთ-ერთმა უდიდესმა ლეგენდამ, ახალი, სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, სადაც უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი მან უზბეკეთი დატოვა და დროებით "უმუშევარი" დარჩა, თუმცა ცხადი იყო, რომ მას ისე არავინ დატოვებდა, სწორედ ამიტომ, იგი საუდის არაბეთმა მიიწვია და მიზნად დაისახეს, რომ რამდენიმე წელიწადში არაბული ძიუდო მაღალ საფეხურზე იყოს.
დღეს ზვიადაური საუდის არაბეთის ძიუდოს ფედერაციის მთავარი მწვრთნელია. ახლა კი მას ერთ-ერთი ყველაზე გაბედული მისია აქვს დაკისრებული - საუდის არაბეთის ძიუდოს რეგიონულ ძალად გადაქცევა. საუდის არაბეთის ძიუდოს მზარდი იმპულსით თუ ვიმსჯელებთ, ის უკვე ტალღებს აგორებს. გასულ შაბათ-კვირას, ტალინის ევროპის ღია პირველობაზე, ილიადისმა ახალგაზრდა და ამბიციური საუდის არაბეთის ნაკრები ევროპის ერთ-ერთ ტურნირზე გაიყვანა. მათ შორის იყო 19 წლის სალეჰ ალიუბი, რომელიც ახლა მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გაიცნეს.
ტალინში ალიუბის მოგზაურობა საუდის არაბეთის ძიუდოს მზარდ პერსპექტივას ასახავდა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში, უძლიერესი კონკურენციის დროს, მან რეპეშაჟის რაუნდები გაიარა, გამოიჩინა როგორც გამძლეობა, ასევე მონდომება, ფინალურ ბლოკში, გერმანელ მაქსიმილიან სტანდკესთან დაპირისპირებისას მან ვერ გაიმარჯვა და კვარცხლებკზე ვერ ავიდა, თუმცა, შედეგი - მეხუთე ადგილი მის პირველ უფროს საერთაშორისო გამოსვლაში - ბევრ რამეზე მეტყველებდა, პირველ რიგში საუდის არაბეთის ძიუდოს პროგრესზე.
ჯარჯი ზვიადაური საუდის არაბეთის ნაკრებში თებერვლიდან მუშაობს, წარმოშობით ქართველი, არ არის ერთადერთი ძიუდოისტი, რომელიც არაბებმა საქმეში ჩართეს. ჯარჯისთან ერთად, საუდის არაბეთის ძიუდოს ფედერაციაში, კერძოდ - საუდის არაბეთის ტექნიკური დირექტორი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, აზერბაიჯანელი - რუსტამ ორუჯოვი გახდა.
ილიადისი და ორუჯოვი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ერთად ქმნიან უბადლო მწვრთნელთა დუეტს, რომლებიც ევროპულ მონდომებას აერთიანებენ საუდის არაბეთის მდგრადი, კონკურენტუნარიანი ძიუდოს კულტურის განვითარების საერთო ხედვასთან. მათი მიდგომა სცილდება მხოლოდ მედლების მოპოვებას და ფოკუსირებულია გონებრივი მდგრადობის, ტექნიკური საფუძვლებისა და გუნდური ერთიანობის განვითარებაზე.
საუდის არაბეთის ამბიციები ძიუდოში აღარ არის მხოლოდ ამბიციები - ისინი შეჯიბრიდან შეჯიბრამდე უმატებენ. საუდის არაბეთში კი უკვე ხედავენ, რომ ილიადისისა და ორუჯოვის ხელმძღვანელობით ახალი ისტორია იწყება.