Belive

ივლისის ბანძუკე ცნობილია | ტოჩინოშინს ბოლო 7 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი წოდება ექნება

2 წლის წინ სხვა
2 წთ
სუმოს სამყარო 2021 წლის რიგით მეოთხე სუპერტურნირის, ნაგოია ბაშოს, მოლოდინშია. აღნიშნული სტარტს 4 ივლისს აიღებს და ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამთენიისას, იაპონური სუმოს ასოციაციამ გამოაქვეყნა განახლებული რეიტინგი (ბანძუკე), სადაც ბევრი ცვლილებაა, თუმცა მათგან რამდენიმე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ნაგოია ბაშოზე მონაწილეობას მიიღებს ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინი, რომელიც აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგიდან დააქვეითეს და აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას სტატუსით წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძე თითქმის 7 წელია ასეთ დაბალ პოზიციამდე არ დაქვეითებულა. ნაგოია ბაშოზე მაისისგან განსხვავებით კომოსუბებს სრულიად სხვა ტანდემი დააკომპლექტებს, მაისში აღნიშნული რანგის მატარებელი ორი სუმოისტი იყო – მიტაკეუმი და დაიეიშო, ახლა კი ვაკატაკაკაგე და მეისეი ინაწილებენ წოდებას - ვაკატაკაკაგე აღმოსავლეთიდან, მეისეი დასავლეთიდან. თავის მხრივ ზემოთხსენებულმა მიტაკეუმიმ აღმასვლა განიცადა და ივლისში სეკივაკეს რანგში იასპარეზებს, მეორე სეკივაკე კი ექს-ოძეკი ტაკაიასუა. 4 ოძეკს შორის პირველ პოზიციას ანუ აღმოსავლეთის პირველი ოძეკის რანგს მოქმედი ჩემპიონი ტერუნოფუჯი იკავებს, შემდეგ ტაკაკეიშოა (ო1დ), შემდეგ შოდაი (ო2ა) და ოძეკებს შორის ყველაზე დაბალ პოზიციაზე, როგორც ასანოიამაა, რომელიც რეიტინგში ფორმალურადაა წარმოდგენილი (ო2დ), ვინაიდან სუმოს ასოაციაციამ იგი 6 ბაშოს განმავლობაში დისკვალიფიკაციით დასაჯა. როგორც ცნობილია, სუმოს სამყაროს აწ უკვე ერთადერთი იოკოძუნა ჰაკუჰო დარჩა, რომელმაც თავის მხრივ ასევე კარიერის დასრულება დააანონსა – ივლისის ბაშო მისთვის ბოლო იქნება, ამ მხრივ ნამდვილად დიდი სანახაობა გველის. იმედია, რომ "თეთრი ფენიქსი" აუცილებლად იტყვის საკუთარ სიტყვას და ისეთი იქნება მისი ბოლო ბაშო, როგორიც მის ბრწყინვალე და რეკორდულ კარიერას ეკადრება და შეეფერება.

სხვა სტატიები