Belive

იოკოძუნა ტერუნოფუჯი | სუმოს სამყაროს 73-ე იოკოძუნა ჰყავს

2 წლის წინ სხვა
2 წთ
2021 წლის რიგით მეოთხე სუმოს სუპერტურნირი, ივლისის ანუ ნაგოია ბაშო დასრულებულია. ტურნირის ჩემპიონი ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო გახდა, რომელმაც საფინალო დღეს, თანამედროვე სუმოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლი, ოძეკი ტერონოფუჯი უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში დაამარცხა. მე-15 დღისათვის ჰაკუჰოსა და ტერუნოფუჯის მარცხის გრაფაში ნულიანი ეწერათ, რაც ავტომატურად იმის მანიშნებელი იყო, რომ რომელიღაც მათგანი “ძენშო იუშოს” (წაუგებლად მოგებული ბაშო) ჩაიწერდა აქტივში. იაპონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტერუნოფუჯი იოკოძუნა უნდა გამხდარიყო და როგორც მოსალოდნელი იყო, ასეც მოხდა. სუმოს სამყაროს ახალი, რიგით 73-ე იოკოძუნა ჰყავს - აწ უკვე არა ოძეკი ტერუნოფუჯი, არამედ იოკოძუნა ტერუნოფუჯი!  ტერუნოფუჯისთვის ივლისის ბაშო ოძეკის რანგში ჩატარებული მეორე ბაშო იყო მას შემდეგ, რაც გაცდენილი პერიოდის შემდეგ სუმოს დაუბრუნდა (ინფორმაციული ჩანართი – ტერონოფუჯიმ ოძეკობა 2015 წელს მიიღო, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებისა და ტრავმების გამო გარკვეული პერიოდი ჩაუვარდა, რის გამოც ასპარეზობის დაწყება ფაქტობრივად ნულიდან მოუწია. 2019 წლის მარტში მონღოლმა მებრძოლმა რიგით მე-5 დივიზიონიდან, ჯონიდანიდან დაიწყო ასპარეზობა და დღეის მონაცემებით სუმოს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლია), თუმცა საყურადღებოა, რომ განვლილი 2 ბაშოს ჩემპიონი სწორედ ამ სტატიის მთავარი გმირი მონღოლი სუმოისტი იყო. ზემოთხსენებული წარმატებული ბაშოების შედეგად იაპონური სუმოს ასოციაციამ მისთვის იოკოძუნას სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. მე-14 საბრძოლო დღეს ტერუნოფუჯის მწვრთნელმა განაცხადა, რომ მის მოსწავლეს 13 მოგება ჰყოფნიდა იმისათვის, რომ იოკოძუნა გამხდარიყო, მას კი იმ დროისათვის ბალანსი უკვე 14:0-ზე ჰქონდა, შესაბამისად ზემოთხსენებული მოვლენის მოლოდინი უკვე შექმნილი იყო. ამრიგად, სუმოს სამყაროს ახალი იოკოძუნა ჰყავს, რომელიც ამ წოდებას ნამდვილად ღირსეულად დაეუფლა. იმ შემთხვევაში თუ ჰაკუჰოს კარიერა გაგრძელდება, მას ტერუნოფუჯის სახით ერთმნიშვნელოვნად ჯანსაღი კონკურენციის გამწევი ოპონენტი ეყოლება.

სხვა სტატიები