Belive

"საუკეთესოთა შორის ადგილს მალე მივიღებ" - ინტერვიუ ამირან გოგოლაძესთან

5 თვის წინ სხვა
4 წთ

ქართული ძალა MMA-ს სამყაროში უფრო და უფრო იზრდება. სწორედ ასეთი პერსპექტიული მებრძოლია ამირან გოგოლაძეც, რომელიც მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელია და დანარჩენ ქართველებთან ერთად Syndicate MMA-ში ვარჯიშობს.

ამირანს რამდენიმე საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ და ამ ყველაფერს თქვენც გაგიზიარებთ.

- შენ ხალილ რანთრის მთავარი სპარინგ პარტნიორი ხარ - როგორია ასეთი კალიბრის მებრძოლთან ერთად ვარჯიში?

  • ხალილმა წინა ბრძოლა ქამარზე ალექს პერეირას წინააღმდეგ გამართა. ახლა ჯამალ ჰილს მოუგო, რომელიც ყოფილი ჩემპიონია. ძალიან მაგარი მებრძოლია! ის ჩემი დივიზიონის ორით მძიმე წონით კატეგორიაში გამოდის. აქედან გამომდინარე, მასთან სპარინგი და ვარჯიში ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. მასთან ერთად მუშაობამ თავდაჯერება მომცა და დავრწმუნდი, რომ შემიძლია ჩემზე ორი კატეგორიით ზემოთ მყოფ მებრძოლებსაც გავუწიო სათანადო წინააღმდეგობა. ხალილი დგომში ძალიან კარგია და სტრაიკინგიც კარგად განვავითარე. მე კი, ჭიდაობაში ვეხმარები და ორივენი ერთმანეთს ვანვითარებთ.

- რა არის მთავარი განსხვავება ამერიკულ და ქართულ MMA დარბაზებს შორის?

  • არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მთავარი განსხვავება მწვრთნელების ხარისხშია. საქართველოში კვალიციფირებული მწვრთნელები თითზე ჩამოსათვლელია და სფეროს განვითარებისთვის საკმარისი არ არის. ბიჭებმა, რომლებიც ახლა ასპარეზობენ, კარიერის დასრულების შემდეგ, დარბაზებში უნდა გადაინაცვლონ და საკუთარი გამოცდილება მომავალ თაობას უნდა გაუზიარონ. ამერიკულ დარბაზებში მწვრთნელების დიდი ნაწილი ყოფილი მებრძოლები არიან, რომელთაც საკუთარი გამოცდილება სხვებთან ურთიერთობაში გადმოაქვთ. მათ ყველა ის ეტაპი აქვთ გავლილი, რომელიც მებრძოლმა უნდა გაიაროს და მწვრთნელის ასეთი გამოცდილება სპორტსმენს უკეთეს ასპარეზობაში ეხმარება.

- რას ფიქრობ, როგორ წარიმართება ილიას და ჩარლზის ბრძოლა?

  • რა თქმა უნდა, ილია ფავორიტია. ჩარლზ ოლივეირას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ილიამ გათიშოს. ამაში მის საბრძოლო სტილს ვგულისხმობ. ოლივეირა შემტევი მებრძოლია, წინ მოდის დარტყმებს ატარებს. ილიას კრივის შედარება ოლივეირასთან არც კი შეიძლება. თოფურიასთვის ჩარლზი იდეალური მეტოქეა, რომ ჩხუბი ნოკაუტით დაასრულოს. წონის შეცვლიდან გამომდინარე ზომაში სხვაობა იქნება, მაგრამ ილია ეს პრობლემას არ შეუქმნის.

- გრძნობ რომ ილია GOAT-ობისკენ მიიწევს?

  • ილია უკვე ძალიან დიდი ვარსკვლავია. მან საკუთრი წონის ორი დიდი ლეგენდა დაამარცხა. თოფურიამ ნოკაუტით დაამარცხა ორი ლეგენდა, რომელთაც საკუთარ წონაში ნოკაუტით არასდროს წაუგიათ. მსუბუქი წონის ქამრის მოგება ძალიან დიდი განაცხადი იქნება. თუ ისლამიც მოახერხებს 77 კილოგრამში ქამრის მოგებას, აი, შემდეგ უკვე ვიხილავთ მსოფლიოში ყველაზე დიდ ბრძოლას. შეიძლება ილია სამი წონის ჩემპიონადაც მოგვევლინოს.

- შენი მიზნებისა და ამბიციების გათვალისწინებით, სად ხედავ საკუთარ თავს მომდევნო წლებში?

  • ამ წელს საკუთარ თავს UFC-ს ოქტაგონზე ვხედავ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრ მებრძოლს ძალიან მალე გავივლი და საუკეთესოთა შორის ადგილს მალე მივიღებ. ჩემი ყველაზე დიდი მიზანი UFC-ს ჩემპიონობაა. აშშ-ში გავლილმა ვარჯიშებმა თავდაჯერება მომიმატა და ვიცი, რომ არავის ჩამოვუვარდები და პირიქით, ბევრზე უკეთესი მებრძოლიც ვარ!

სხვა სტატიები