"იმედი მაქვს ერთ დღეს ილიასთან რევანშის შანსი მომეცემა" - ბრაის მიტჩელი
ილია თოფურიას ყოფილი მეტოქე ბრაის მიტჩელი დარწმუნებულია, რომ ქართველთან შეხვედრას კიდევ ერთხელ იმსახურებს. ილიასთან მარცხის შემდეგ, ბრაისმა განაცხადა, რომ ოქტაგონზე მაღალი ტემპერატურით გამოვიდა და საკუთარი საუკეთესო ფორმის ნახევარიც კი ვერ გამოიტანა. ის თვლის, რომ რემატჩის შემთხვევაში თოფურიას დაამარცხებს.
წაგების შემდეგ, 29 წლის მებრძოლი თოფურიასთან რევანშს აქტიურად ითხოვს და ამასთან დაკავშირებით მედიასთან მრავალჯერ ისაუბრა. ილიასთან ბრძოლის სურვილი ბრაისმა ამჯერად, მაიკლ ბისპინგთან ინტერვიუში გამოთქვა. მიტჩელი ქართველის მომავალ ორთაბრძოლასაც შეეხო და განაცხადა, რომ იმ დაპირისპირებაში ვოლკანოვსკი გაიმარჯვებს.
ილიასთან კიდევ ერთხელ ჩხუბი ძალიან მინდა, რადგან ეს ჩემი ყველაზე ცუდი გამოსვლა იყო. ასე საშინლად არასდროს მიჩხუბია, ჩემს უკანა ეზოშიც კი. ასე არავისთან დავმარცხებოდი. იმ ბრძოლაში ისე ვერ ვსუნთქავდი და ვმოძრაობდი, როგორც მე მჩვევია. ეს ძალიან მაბრაზებს. შემეძლო ბრძოლა ბევრად უკეთესად ჩამეტარებინა. ხალხისთვის ამის ახსნა ძალიან რთულია, რადგან მათ ვერ წარმოუდგენიათ რამდენად კარგი ვარ. - განაცხადა მიტჩელმა ბისპინგთან ინტერვიუში
თოფურიასთან წაგების შემდეგ, ბრაისი ოქტაგონზე წარმატებით დაბრუნდა. სექტემბერში სამრაუნდიან ბრძოლაში დენ იგე დაამარცხა. ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში განაცხადა, რომ ილიასთან რევანშის სურვილი დიდ მოტივაციას აძლევს.
ილიასთან რევანშის სურვილი მამოძრავებს. მთელი ცხოვრება სამართლიანად ვიცხოვრე და ვთვლი, რომ მასთან კიდევ ერთხელ ბრძოლას ვიმსახურებ. - ეს განცხადება ბრაისმა სექტემბრეში გაავრცელა
შეგახსენებთ, რომ სწორედ გიგა ჭიკაძე ემეტთან ბრძოლაში სწორედ ბრაის მიტჩელმა შეცვალა. მათი დაპირისპირება 17 დეკემბერს შედგება.
რაც შეეხება ილიას. თოფურია და ვოლკანოვსკის დაპირისპირება თბილისის დროით 18 თებერვალს შედგება და საღამოს მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება.