"ილიამ ორჯერ შოკში ჩაგვაგდო და ახლა მისი მარცხის ასე მარტივად პროგნოზი გამიჭირდება" - კამარუ უსმანი
4 დღის წინ
სხვა
1 წთ
კამარუ უსმანმა და ჰენრი სეხუდომ საკუთარ პოდკასტში ილიას მსუბუქ წონაში პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრეს. ზედა დივიზიონში "მატადორის" მთავარი სამიზნე ისლამ მახაჩევია, რომელიც ჩემპიონის ქამარს ფლობს. სეხუდოს აზრით, ილია მახაჩევთან დამარცხდება, უსმანს კი ილიას წინააღმდეგ პროგნოზის გაკეთება უჭირს.
ილია ამბობდა, რომ ვოლკანოვსკის გააჩერებდა. ჩვენ ვამბობდით: "არა ძმაო, ეს ხომ "ვოლკია". ილია გამოვიდა და საკუთარი სიტყვა შეასრულა. შემდეგი ბრძოლა BMF-ის წინააღმდეგ, ერთ-ერთი საუკეთესო ქვემსუბუქწონოსანის წინააღმდეგ ჩაენიშნა. ილია იმავეს იმეორებდა და ჩვენი რეაქციაც იგივე იყო. რა ქნა თოფურიამ? გამოვიდა და მაქსიც გააჩერა. აქედან გამომდინარე, მის მსუბუქ წონაში ასვლას მხარს ვუჭერ.
ხალხი ყურადღებას არ აქცევს იმას თუ რას ამბობს ილია. მან თქვა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა და ამის დასამტკიცებლად მახაჩევის დამარცხება უნდა. მას Pound For Pound-ში პირველი ადგილი სურს. ჩემი აზრით, ახლა 3 საუკეთესო მებრძოლში აუცილებლად შედის. ისლამთან ჩხუბში უფრო მახაჩევისკენ გადავიხრებოდი, მაგრამ ილია ის ბიჭი არაა, რომლის წინააღმდეგაც ფსონი უნდა გააკეთო. თოფურიამ ორჯერ ისეთ შოკში ჩაგვაგდო, რომ მისი მარცხის ასე მარტივად პროგნოზი გამიჭირდება. - კამარუ უსმანი
შეგახსენებთ, რომ ილიამ ისლამი ღიად არაერთხელ გამოიწვია, მაგრამ დაღესტნელი უარზეა. ისლამიც და მისი გუნდიც ამბობს, რომ ქვედა წონიდან ამოსულ ბიჭთან ბრძოლა მათთვის პრიორიტეტული არ არის. როგორც ხავიერ მენდესმა თქვა, ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ ყველა ამბობდა, რომ ისლამმა პატარა ბიჭს მოუგო. მათი აზრით, კიდევ ერთ "პატარა" ბიჭთან ჩხუბი ისლამის მემკვიდრეობაზე ცუდად იმოქმედებს.