გიორგი ყუშიტაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში კრივის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველი სპორტსმენებიც ასპარეზობენ.
ტურნირის მერვე დღეს საქართველოს სახელით გიორგი ყუშიტაშვილი ასპარეზობდა. 85 კილოგრამში ყუშიტაშვილი 1/4-ფინალში გამოვიდა, სადაც უკრაინელ დანილო ჟასანს შეხვდა. ბრძოლა პირველივე რაუნდში ექიმის გადაწყვეტილებით გაჩერდა. ქართველ მოკრივეს თვალზე მძიმე ჭრილობა აღენიშნებოდა და სწორედ ამის გამო მედიკოსებმა ყუშიტაშვილს ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს.
აღსანიშნავია, რომ თავად გიორგი ჩხუბის გაგრძელებას ითხოვდა, თუმცა, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მსაჯთან საუბრისას ყუშიტაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ტრავმა მეტოქის თავის დარტყმის გამო მიიღო.
იმ შემთხვევაში, თუ გიორგი უკრაინელის ბარიერს გადალახავდა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრიჯაოს მედალს მიიღებდა.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს მედალი მხოლოდ ლაშა გურულმა მოუტანა, რომელიც 1/2-ფინალში გავიდა და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. ლაშა თავის ბრძოლას 13 სექტემბერს ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონის ასადხუჯა მუიდინხუჯაევის წინააღმდეგ გამართავს.